ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკი უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 17 ოქტომბრიდან შეამცირებს

ტაბულა

როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის 2019 წლის ორი ოქტომბრის ბრძანებიდან ხდება ცნობილი, უწყება უცხოურ ვალუტაში მინიმალურ სარეზერვო მოთხოვნას 17 ოქტომბერს შეამცირებს.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების შესახებ, 5%-ით შემცირებულიყო მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაში, 1 ოქტომბერს გახდა ცნობილი.

კომერციული ბანკებისთვის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე 25%-მდე მცირდება.

"ეს ნიშნავს, რომ დაახლოებით 700 მილიონი დოლარის დამატებითი რესურსი, უცხოური ვალუტის რესურსი იქნება შესაძლებელი რომ გასცენ კომერციულმა ბანკებმა სესხებად." - თქვა კობა გვენეტაძემ.

მისი განმარტებით, გადაწყვეტილების მიზეზი ლარის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომავალი წნეხი იყო.

გვენეტაძემ თქვა ისიც, რომ ამ გადაწყვეტილებით, ლარის გაუფასურების დინამიკა უნდა შეიცვალოს და დასტაბილურდეს.

რა არის მინიმალური სარეზერვო მოთხოვნა?

ეს არის ის ფული, რომელიც კომერციულმა ბანკებმა საბანკო ლიცენზიის შესანარჩუნებლად ეროვნული ბანკის ანგარიშებზე უნდა იქონიონ.

თქვენ მიერ ბანკში შეტანილი ფულის გარკვეული ნაწილი ეროვნულ ბანკში ინახება. კომერციულ ბანკს სებ-ის ანგარიშზე არსებული ფულის გასესხება არ შეუძლია, ამის საკომპენსაციოდ ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახულ რესურსზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ტოლფას თანხას არიცხავს, რაც დღეს 7%-ია, ხოლო უცხოური ვალუტით არსებულ თანხას კი 0.5%-ს. იმ შემთხვევაში თუ ბანკს მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის სახით შენახული ფულის გასესხება შეეძლებოდა ის ამაზე მაღალ შემოსავალს მიიღებდა, ეკონომიკას კი უფრო დიდი მოცულობით დააკრედიტებდა.

მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის გაზრდა/შემცირებით ეროვნულ ბანკს ქვეყანაში სესხების განაკვეთზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როდესაც სარეზერვო მოთხოვნა იზრდება, ბანკს კაპიტალის მოზიდვა უძვირდება, რაც თავისმხრივ სესხის განაკვეთის ზრდაში აისახება. ეს შემდგომში დაკრედიტების შემცირებას იწვევს. სარეზერვო მოთხოვნის შემცირებით კი კომერციულ ბანკებს დამატებითი რესურსები უთავისუფლდებათ სესხების გასაცემად, შედეგად განაკვეთები მცირდება ქვეყანაში დაკრედიტების დონე კი იზრდება.

კომენტარები