რუსეთი

რუსეთში ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანეს

ალექსეი ნავალნი
Reuters

9 ოქტომბერს რუსეთის იუსტიციის სამინისტომ რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდი "უცხოეთის აგენტთა" სიაში შეიყვანა.

იუსტიციის სამინისტროში ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი ჯერჯერობით არ უთქვამთ. 

ფონდის დირექტორმა ივან ჟდანოვმა Facebook-ზე დაწერა, რომ ანტიკორუფციული ფონდი რუსი მოქალაქეების შემოწირულობებით ფინანსდებოდა და უცხოეთიდან დაფინანსებას არ იღებდა - "ფონდის ყველა საქმიანობა გამჭვირვალეა"

ჟდანოვის თქმით, ამ გზით მთავრობას სურდა ფონდის საგამოძიებო საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. 

2012 წელს მიღებული კანონით რუს მაღალჩინოსნებს ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას, შეუძლიათ უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ.

ამ სიაში მოხვედრილმა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ თავიანთი დაფინანსების წყარო, თუ რაში ხარჯავენ ამ ფულს, ვინ არიან მათი მენეჯერები.

სამოქალაქო აქტივისტები აკრიტიკებენ კანონს, რათა მიიჩნევენ, რომ ეს კრემლის პოლიტიკისადმი კრიტიკულად განწყობილი პირების გასაჩუმებლად არის შექმნილი.

ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს თქმით, კანონი მოქალაქეების სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას არღვევს. 

ნავალნის ფონდის წინააღმდეგ გამოძიება აგვისტოში დაიწყო. გამოძიების ინფორმაციით, ფონდი უცხო პირებისგან, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხებით ფინანსდებოდა. საუბარია, 1 მილიარდ რუბლზე, რომელიც გამოძიების ინფორმაციით ბანკომატებისა და ინტერნეტ ბანკების მეშვეობით, ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხა.

მალევე რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის პრესმდივანმა, კირა იარმიშმა თქვა, რომ მათი ორგანიზაციის და რამდენიმე თანამშრომლის საბანკო ანგარიშები გაყინეს.

ფონდი წლების განმავლობაში ხელისუფლების პირებისა და პოლიტიკოსების კორუფციულ კავშირებსა და სქემებს იკვლევს. სხვადასხვა დროს ფონდმა, რამდენიმე ხმაურიანი მასალა მოამზადა მათ შორის, რუსეთის პრემიერ-მინისტრის დიმიტრი მედვედევის ქონებაზე. ერთ-ერთი ასეთი გამოძიება შეეხებოდა რუსი ოლიგარქის, ალუმინის მაგნატის ოლეგ დერიპასკასა და ვიცეპრემიერ სერგეი პრიხოდკოს შორის კორუფციული კავშირების გამოძიება.

ზაფხულში ალექსეი ნავალნი და სხვა რუსი ოპოზიციონერები მოსკოვში მიმდინარე აქციების დროს არაერთხელ დააპატიმრეს. 

კომენტარები