ჰონგ-კონგი

ჩინეთის სახელმწიფო მედია Apple-ს ჰონგ-კონგელი "მეამბოხეების დაცვაში" ადანაშაულებს

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

ჩინეთის სახელმწიფო მედია People's Daily კომპანიას Apple ჰონგ-კონგელი "მეამბოხეების დაცვაში და მხარდაჭერაში" ადანაშაულებს. 

ჩინეთის ერთერთ მთავარ სახელმწიფო მედიაში Apple ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების მაჩვენებელი აპლიკაციისა და ჰონგ-კონგის ახალი არაოფიციალური ჰიმნის დამატებისთვის გააკრიტიკეს და გააფრთხოლეს, რომ კომპანიას ეს არეულობას მოუტანდა. 

HKmap.live აპლიკაციით ჰონგ-კონგში პოლიციის გადაადგილების გაგება არის შესაძლებელი. ჰონგ-კონგის აქციებში უკვე მე-5 თვეა მილიონობით ადამიანი იღებს მონაწილეობას. პოლიცია ხშირად ძალადობრივად არბევს აქციას. 4 ოქტომბერს Apple-მა მობილურის აპლიკაცია თავისი აპლიკაციების სიაში შეიყვანა. აპლიკაცია მომხმარებლებს ქალაქის რუკაზე ცხელი წერტილების შესახებ აცნობებს. მომხმარებლები ახალი ინციდენტების შესახებ მუდმივად წერენ და ინფორმაცია ახლდება, რითაც მოქალაქეებს პოლიციისთვის თავის არიდება შეუძლიათ.  

სიუჟეტის სათაური იყო - "მეამბოხეების დაცვა - ამის შესახებ Apple-მა იფიქრა?". სახელმწიფო მედიაში თქვეს, რომ "მომწამლავი" აპლიკაციის გავრცელება "ჩინელი ხალხის გრძნობებს ღალატობდა", აპლიკაციის მიღებით კი Apple პროტესტის თანამონაწილე ხდებოდა. 

ჰონგ-კონგის App Store-ში სამოგზაურო კატეგორიებში HKmap.live ყველაზე პოპულარული აპლიკაციაა.

ჩინურ მედიაში Apple-ის მიერ Music Store-ში ჰონგ-კონგის ახალი არაოფიციალური ჰიმნის დამატებაც გააკრიტიკეს - "პოლიტიკური, კომერციული და არალეგალური აქტივობების არევა უგუნურობა და უაზრობა არის, რაც კომპანიას უფრო მეტ არეულობას მოუტანს".

არაოფიციალურ ჰინმს "დიდება ჰონგ-კონგს" ჰონგ-კონგის ქუჩებში მომიტინგეები ხშირად მღერიან.

Apple პირველი კომპანია არ არის, რომელიც ჰონგ-კონგში მიმდინარე აქციების გამო ჩინური მხარე აკრიტიკებს და ხშირ შემთხვევაში ბოიკოტსაც უცხადებს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

ჰონგ-კონგის პოლიციამ აქციები ცრემლსადენი გაზით, რეზინის ტყვიებით, ხელკეტით, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და სხვა საშუალებებით არაერთხელ დაარბია. აქციებზე პოლიციამ მომიტინგეს ცეცხლსასროლი იარაღიდანაც ესროლა. აქციის მონაწილეებს პეკინის მომხრე მოძალადეთა ჯგუფიც არაერთხელ დაუპირისპირდა. დარბევის დროს, სულ მცირე, ოთხმა ადამიანმა თვალი დაკარგა. ოპოზიციონერი აქტივისტები უკანონო აქციის ორგანიზებასა და მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

ექსტრადიციის კანონპროექტით ჰონგ-კონგელი დამნაშავეების გასამართლება კონტინენტურ ჩინეთში იქნებოდა შესაძლებელი, სადაც ადამიანის უფლებებს არ იცავენ.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა.

ოფიციალური პეკინი მხარს უჭერს კერი ლამსა და ჰონგ-კონგის პოლიციას, ჩინეთის წარმომადგენლობამ "არეულობაში" მომიტინგეთა ქმედებებს "ტერორისტული აქტები" უწოდა. არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობამ 1989 წელს თიანანმენის მსგავსად დაარბიოს აქციები. ატაშეების ინფორმაციით, ჩინეთმა ჰონგ-კონგში სამხედრო პერსონალის რიცხვი ფარულად გააორმაგა.

26 აგვისტოს ჩინეთის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა ჭაო ქეჭიმ ჰონგ-კონგთან, ჩინეთის გუანდუნის პროვინციაში ვიზიტის დროს, განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად დაარბევდა ყველა დამანგრეველ, ძალადობრივ ტერორისტულ აქტივობებს და ქვეყნის "სამხრეთის კარიბჭის" პოლიტიკურ უსაფრთხოებას დაიცავდა.

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები