რთველი

მთავრობამ რთველის სუბსიდირებაზე წელს 60 მილიონი ლარი დახარჯა

David Mdzinarishvili / Reuters

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ცნობით, წელს გლეხებისგან ყურძნის შესაძენად მთავრობამ 60 მილიონი დახარჯა. 

სახელმწიფომ ყურძენი მისივე საკუთრებაში არსებული კომპანია აკურას მეშვეობით შეიძინა. სახელმწიფო კომპანია წლებია გლეხებისგან კერძო სექტორისთვის უინტერესო ყურძენს ყიდულობს.

მინისტრის თქმით, წელს საქართველოში 263 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა. დავითაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს თანამონაწილეობა სოციალური პასუხისმგებლობითა ყურძნის რეკორდულად მაღალი მოსავალით იყო განპირობებული.

დავითაშვილის ცნობით, წელს საქართველოში დაახლოებით, 170 ათასი ტონა რქაწითელის მოსავალი აიღეს და ამიტომაც ფასი მოსალოდნელზე დაბალი იყო. დახარჯული 60 მილიონიც ძირითადად რქაწითელის შესყიდვას მოხმარდა.

მთავრობის სხდომის შემდეგ, მინისტრმა გამოთქვა იმედი, რომ ოპერაციები კომერციულად წამგებიანი არ იქნება. დავითაშვილის თქმით, ეს ნაბიჯი მთავრობამ გლეხებისთვის მინიმალური გარანტიების მისაცემად გადაგდა, რათა არ ყოფილიყო მოსავლის ჩაბარების პრობლემები. 

წინა წელს მთავრობის მიერ შესყიდული ყურძნის მოცულობამ, დაახლოებით, 40 ათასი ტონა შეადგინა. მთავრობის წარმომადგენლების განცხადებების მიუხედავად, სახელმწიფოს სხვადასხვა სახით, რთველის სუბსიდირება პრაქტიკულად არასდროს შეუწყვეტია.

2017 წელს საქართველოში ყურძნის მოსავალმა 150 ათასი ტონა შეადგინა, სახელმწიფომ სუბსიდია გასცა მოსავლის მხოლოდ მცირე ნაწილზე - რაჭაში ალექსანდროეულისა და მუჯურეთულის ყოველ ჩაბარებულ კილოგრამზე მევენახეებმა 2 ლარის კომპენსაცია მიიღეს. კახეთის რეგიონში კი სუბსიდია მოქმედებმა მხოლოდ ყურძნის კონცენტრირებული ტკბილის წარმოებისთვის. კონცენტრატის დასამზადებლად ჩაბარებულ ყოველ კილოგრამზე სახელმწიფომ 35 თეთრის სუბსიდა გასცა.

სახელმწიფო სუბსიდირებიდან გამოსვლას 2016 წელსაც გეგმავდა, თუმცა საბოლოოდ მთავრობამ ამ პროგრამის გაგრძელების გადაწყვეტილება მიიღო.

2016 წელს ყველა მევენახემ 1 კგ ჩაბარებულ რქაწითელსა და მწვანეზე ბიუჯეტიდან 45 თეთრი, 1 კგ საფერავზე კი 20 თეთრის სუბსიდია მიიღო. ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს 65 ათასი ტონა რქაწითელის და 42 ათასი ტონა საფერავის ჯიშის ყურძენი ჩაბარდა.

მთავრობა სხვადასხვა სახით რთველის სუბსიდირებას 10 წელზე მეტია ახდენს.

კომენტარები