მოსამართლეობის კანდიდატები

ჩუგოშვილი: ოპოზიცია არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს

პირველი არხი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ამბობს, რომ ოპოზიციის მიერ შალვა თადუმაძისათვის მოსმენისას დასმული კითხვები პოლიტიკური შეტევა იყო. სწორედ ამით ხსნის ჩუგოშვილი თუ რატომ გამოესარჩლნენ უმრავლესობის წევრები, მოქმედ მთავარ პროკურორს, რომელსაც უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამწესება სურს. 

"შალვა თადუმაძესთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია უმრავლესობის პროტესტი და პროცესში ჩართულობა, ამას ერთადერთი ახსნა აქვს. იმდენად დიდი პოლიტიკური და არაეთიკური შეტევა იყო, ეს ძალიან კარგად ჩანდა, არც ერთ კანდიდატს არ მოქცევია ოპოზიცია ისე, როგორც მოექცა შალვა თადუმაძეს,"- ამბობს ჩუგოშვილი. მის ამ კომენტარს პირველი არხი ავრცელებს. 

პარლამენტში მოსმენისას, ოპოზიციის წევრები თადუმაძეს კითხვებს მისი დიპლომის შესახებ უსვამდნენ. 

შალვა თადუმაძეს დიპლომში მითითებული აქვს, რომ 1993 წელს ჩააბარა იმ სასწავლებელში, რომელიც 1994 წელს დაარსდა. მისი ბიოგრაფიის მიხედვით, თადუმაძემ სწორედ აქ, ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში მიიღო იურისტის კვალიფიკაცია. მასვე ბიოგრაფიაში მითითებული აქვს, რომ უმაღლესი სასწავლებელი 1999 წელს დაამთავრა მაშინ, როცა დიპლომში დამთავრების თარიღად 1998 წელია მითითებული. 

გარდა ამისა, შალვა თადუმაძემ სკოლა 1994 წლის მაისში დაასრულა, შესაბამისად, გაუგებარია, როგორ ჩააბარა მან უმაღლეს სასწავლებელში 1993 წელს. 

მეორე დღეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვილის დიპლომი წარმოადგინა და თქვა, რომ ის 2002 წელს არის გაცემული და ინსტიტუტს ნოდარ დუმბაძის სახელობის აწერია. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ეს აბათილებს ოპოზიციის არგუმენტს, რომ რადგან ინსტიტუტს 2003 წლიდან მიენიჭა დუმბაძის სახელი, თუ შალვა თადუმაძის დიპლომი ნამდვილია, 1998 წელს გაცემულ დოკუმენტში დუმბაძის სახელობის ინსტიტუტი არ უნდა იყოს დაფიქსირებული.

კომენტარები