ევროპული საქართველო

ხოშტარია: ანაკლიის პროექტი ჩაშლის ზღვარზეა, ამაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით მისი მთავარი პრეტენზიები ხელისუფლებასთან აქვს, რადგან მისი თქმით, სწორედ ხელისუფლება იყო ვალდებული, ისე წაეყვანა პროცესი, რომ ანაკლიის პორტზე ყოფილიყო პროგრესი და არა - ჩაშლა. 

"დღეს ანაკლიის პროექტი ჩაშლის ზღვარზეა,"- ამბობს ხოშტარია. 

დეპუტატი ასევე მთავარი არხის ეთერში მოძრაობა ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, ნათქვამს გამოეხმაურა იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტის პროექტსა და მასში ამერიკელების მონაწილეობას ეწინააღმდეგებოდა. 

"ეს რომ არ იყოს ძალინ ლოგიკური ჯაჭვის ნაწილი, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ, კიდევ შეიძლებოდა გვეთქვა, რომ არც ღირს საუბარი იმაზე, ვინ ვის რა უთხრა, მაგრამ ძალიან ლოგიკური დაგვირგვინებაა იმ პროცესისა, რაც ხდებოდა ანაკლიის მიმართ,"- ამბობს ხოშტარია. 

15 ოქტომბერს მთავარი არხის ეთერში TBC ბანკისა და მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ, თქვა, რომ 2017 წელს ერთერთ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ანაკლიის პროექტს უნდა შეშვებოდნენ. ხაზარაძის თქმით, იმ დროს, როცა მას ივანიშვილმა ეს უთხრა, პორტში უკვე 20 მილიონი ჰქონდა ინვესტირებული. 

"მითხრა, რომ 'იცი, რა, მოდი, შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა, გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?' მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე..." - თქვა ხაზარაძემ. 

მანამდე იმავე ეთერში ხაზარაძე მოყვა, რომ პროექტში ინვესტიციის ჩადებას მსხვილი ამერიკული კომპანია აპირებდა, თუმცა მათ ეს საქართველოს მთავრობამ ორჯერ გადააფიქრებინა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ანაკლიის კონსორციუმს ინვესტორებისა და კაპიტალის შევსების შესახებ სავალდებულო დოკუმენტების წარდგენის ვადა თავდაპირველად 15 ოქტომბრის საღამომდე მისცა, თუმცა 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მთავრობამ კონსორციუმს ვადა 2019 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა

14 ოქტომბერს საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს ლიდერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ პროექტისთვის საჭირო თანხები კონსორციუმმა უკვე მოიძია. 

იგივე შინაარსის განცხადება გაავრცელა ახლანდელმა თავმჯდომარემ, ლევან ახვლედიანმაც. მისი თქმით, კონსორციუმმა უკვე წარუდგინა სახელმწიფოს ორი პოტენციური ინვესტორი და ახლა ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა. 

საუბარია, ამერიკული კონტი ჯგუფის პოტენციურ ჩამნაცვლებელზე კერძოდ ყაზახურ, Meridian Capital Limited-ზე და ჰოლანდიურ Van Oord-ზე. ვრცელდება ინფორმაცია ამერიკულ ფონდზე, რომელიც მზადაა პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა კომპანიის სახელწოდება ამ დრომდე არ არის ცნობილი.

კომენტარები