ნობელი 2019

ტაბლეტი სიღარიბის წინააღმდეგ — რისთვის მიიღეს ნობელის პრემია ეკონომიკაში

openthemagazine.com

სიღარიბის დასამარცხებლად მსოფლიო ყოველწლიურად მილიარდობით დოლარს ხარჯავს. გლობალურ სიღარიბესთან ბრძოლის ისტორიაში არაერთი მიდგომა შემუშავდა, ცხადია, ამ მეთოდების ნაწილი უფრო ეფექტურია, ნაწილი - შედარებით ნაკლებად. ხშირად ისეც ხდება, რომ დახმარების სურვილით მიღებული გადაწყვეტილება საერთო მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს.

რადგანაც საკითხი ფულს და ზოგადად ფინანსებს ეხება, ამ კითხვას უპირველესად ეკონომისტებმა უნდა უპასუხონ. სწორედ სიღარიბესთან ბრძოლის ახალი მეთოდის გამოგონებისთვის მიიღო ნობელის პრემია სამმა ამერიკელმა ეკონომისტმა. 

თითქმის მილიონდოლარიანი პრემია ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორ მაიკლ კრემერსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროფესორებს, ცოლ-ქმარ აბჰიდჯიტ ბანერჯისა და ესტერ დიუფლოს შორის თანაბრად განაწილდა. 

"წლევანდელმა ლაურეატებმა სიღარიბესთან ბრძოლის ახალი მიდგომა შეიმუშავეს. ეკონომისტებმა ერთი დიდი პრობლემა ათასობით პატარა საკითხად დაყვეს და დაამტკიცეს, რომ პასუხის გამოსავლენად საუკეთესო გზა საველე ექსპერიმენტებია", - ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში. 

გასული 30 წლის განმავლობაში გაუსაძლისი სიღარიბიდან მსოფლიოს მასშტაბით 1.1 მილიარდი ადამიანი ამოვიდა. მიუხედავად ამისა, ამ მდგომარეობაში მსოფლიოს მოსახლეობის 10% ცხოვრობს. დაახლოებით 700 მილიონი ადამიანის შემოსავალი დღეში 1.9 დოლარზე ნაკლებია. სწორედ შემოსავლის ეს ნიშნული მიიჩნევა სიღარიბის სტანდარტად. 

ამგვარად, პლანეტის ყოველი მეათე ბინადარი სიღარიბეში ცხოვრობს. სიღარიბე ადამიანების ჯანმრთელობასთან ერთად მათი შრომის უნარსა და სამეცნიერო პოტენციალს ანადგურებს. სიღარიბე ტვირთად აწვება სახელმწიფოებს, ხელს უშლის გამდიდრებას და არასტაბილურს ხდის პოლიტიკურ გარემოს. 

პრობლემა საყოველთაოდ ცნობილია და დახმარების მსურველთა რაოდენობაც დიდია, თუმცა ამის მიუხედავად, არ არსებობს მეცნიერული მიდგომა - რა იქნება გამოყოფილი თანხების ეფექტიანი გამოყენება სიღარიბის დასამარცხებლად.

გადაწყვეტილებას, როგორ დაიხარჯოს ფული, როგორც წესი, ფილანტროპები, დონორი ან ბენეფიციარი ქვეყნის მმართველები იღებენ. გამოცდილებამ აჩვენა, რომ ეს მიდგომა არცთუ ეფექტურია.

1990-იან წლებში აწ უკვე ნობელიანტი მაიკლ კრემერი კენიაში გაემგზავრა, რათა გაერკვია, რა იძლევა საუკეთესო შედეგს დახარჯულ ერთ დოლარზე. მოგვიანებით კრემერს ბანერჯი და დიუფლო შეურთდა. ეკონომისტებმა გადაწყვიტეს, პრობლემის გამოსაკვეთად უფრო ძველი მეცნიერებების მეთოდისთვის მიემართათ და საველე ექსპერიმენტების ჩატარება დაიწყეს.

"21-ე საუკენში ეკონომიკამ უნდა გაიაროს ის გზა, რაც მე-20 საუკენეში გაიარა მედიცინამ. ეს რთული, ცდებისა და შეცდომების, დისკუსიებისა და ექსპერიმენტების გზაა",- ამბობს ესტერ დიუფლო.

პანაცეის ძებნის პროცესში, დიუფლომ და ბანერჯიმ სიღარიბესთან ბრძოლის ლაბორატორია დააარსეს (Poverty Action lab). პროექტის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან კვალიფიციური მეცნიერების მიზიდვა იყო. 

მეცნიერების მიერ ჩატარებული ექსპერიმენტი ხშირად მოულოდნელ შედეგებს იძლეოდა. მაგალითად, კვლევით დადგინდა, რომ სიღარიბის პირობებში განათლებაზე დახარჯული ფინანსები ეფექტურობით განსხვავდება. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ განათლების სუბსიდირების ტრადიციული მიმართულებები, როგორიცაა დამატებითი მასწავლებლები, სასკოლო სადილები, სასკოლო ფორმა და სტიპენდიები, მოსწავლეების ცოდნის არეალს ზრდის.

თუმცა, ეფექტი თითოეულ დახარჯულ დოლარზე, დაახლოებით, 15-ჯერ უფრო მეტია, თუ კი ფული განათლების უპირატესობების წარმოსაჩენ საინფორმაციო კამპანიაზე იხარჯება. 10-ჯერ უფრო მეტია სიღარიბის დაძლევის შანსი, თუ კი იგივე თანხები დეჰელმენთიზაციაზე დაიხარჯება. ჰელმინთები პარაზიტებია, რომლებიც ბავშვების ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას აფერხებენ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, ამ რისკის ქვეშ, დაახლოებით, 600 მილიონი ბავშვი ცხოვრობს. 

ამ ექსპერიმენტამდე მუცლის ღრუს პარაზიტებისა და სიღარიბის კავშირზე არავის უფიქრია, თუმცა კვლევის შედეგების გამოქვეყნებიდან მალევე პროექტმა მრავალმილიონიანი დაფინანსება მიიზიდა. ამ დროისთვის არსებობს 20 მილიონი ბავშვის დეჰელმენთიზაციისთვის საჭირო თანხები. 

"კრემერის, ბანერჯისა და დიუფლოს მეთოდები ეკონომიკაში ექსპერიმენტული კვლევების დომინანტურ მიდგომად იქცა", - ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში. 

უკვე მრავალი წელია, ნობელის ეკონომიკის კომიტეტი ცდილობს, ჯილდო მარტივი და სახალხოდ გასაგები პრობლემების გადაჭრისთვის მოწადინებულ მეცნიერებს გადასცეს. ასე მოხდა წინა წელსაც, როდესაც პრემია ამერიკელ ეკონომისტებს, პოლ რომერსა და უილიამ ნორდჰაუსს გადასცეს. 

რომერმა და ნორდჰაუსმა შეიმუშავეს გლობალური ეკონომიკის მდგრადი ზრდის სამეცნიერო მოდელი და დაადგინეს, თუ რა გავლენა ექნება კლიმატის ცვლილებას მსოფლიო ეკონომიკის ზრდაზე. 

კომენტარები