ნათია თურნავა

თურნავა მის შესაძლო გადადგომაზე: ვიღაცებს არ მოსწონთ ჩვენი რეფორმები და ავრცელებენ შავ პიარს

საქართველოს მთავრობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა "ორკესტრირებულ შავ პიარს" უწოდებს მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ხმებს.

თურნავას თქმით, ამის უკან ის ჯგუფები დგანან, ვისაც მთავრობის მიერ განხორციელებული "ძალიან ბევრი რეფორმა" არ მოსწონს.

"ეს იყო ორკესტრირებული შავი პიარის ნიმუში, რაც განხორციელდა ჩემთან მიმართებაში. ვრცელდებოდა ცრუ, გადაუმოწმებელი ინფორმაცია და მე ამას ასე ვხსნი, რომ ჩვენ - ჩვენი მთავრობა, ეკონომიკური გუნდი, ჩვენი სამინისტრო ახორციელებს ძალიან ბევრ რეფორმას. ეს რეფორმები, საბოლოო ჯამში, იწვევს მეტ კონკურენციას. არსებობს გარკვეული ჯგუფები, ვისაც ეს არ მოსწონთ." - ამბობს ეკონომიკის მინისტრი.

ცნობა თურნავას შესაძლო გადადგომის შესახებ ორშაბათს, 14 ივნისს გაავრცელა ტვ პირველმა.

ტაბულა დაუკავშირდა ეკონომიკის სამინისტროს, სადაც ეს ინფორმაცია არ დაგვიდასტურეს.

ნათია თურნავა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მე-7 ეკონომიკის მინისტრია. ეს პოსტი მან 18 აპრილს დაიკავა და გიორგი ქობულია ჩაანაცვლა. თურნავა ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ პირველად 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა.

კომენტარები