ქურთები

მთები მეგობრების ნაცვლად - ვინ არიან ქურთები და რა ბედი ელით მათ სირიაში

“ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ - მხოლოდ მთები” - ასეთია ქურთული გამოთქმა, რომელიც დონალდ ტრამპმა სირიიდან ჯარების გამოყვანით და ქურთი მოკავშირეების გაწირვით კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

აშშ-ის ჯარის გასვლისთანავე თურქეთმა სამხედრო ოპერაცია წამოიწყო და მხოლოდ სანქციების მუქარის და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ დათანხმდა ცეცხლის დროებით შეწყვეტას. რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მაიკ პენსს შორის მიღწეული შეთანხმება ჩრდილოეთ სირიაში მყოფ ქურთებს ტერიტორიის დასატოვებლად 5 დღეს აძლევს. კითხვაზე, არის თუ არა ეს ქურთების მეორედ მიტოვება, პენსმა პასუხი არ გასცა. ქურთები, შესაძლოა, ერთადერთი მეგობრის - მთების გარეშე დარჩნენ.

ვინ არიან ქურთები

ქურთები ახლო აღმოსავლეთში სიდიდით მეოთხე ეთნიკური ჯგუფია საკუთარი კულტურითა და ენით, რომელიც რამდენიმე დიალექტს მოიცავს. ქურთების უმეტესობა სუნიტი მუსლიმია. ისინი ძირითადად თურქეთის, ერაყის, სირიის, ირანის და სომხეთის მთიან რეგიონებში ცხოვრობენ. ჯამში ამ რეგიონში 25-დან 35 მილიონამდე ქურთი მოსახლეა, მათი ნახევარი თურქეთის ტერიტორიაზე ცხოვრობს.

ქურთებს საკუთარი სახელმწიფო არასოდეს ჰქონიათ. ერაყი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ქურთებს ავტონომიური რეგიონი აქვთ, რომელიც ერაყის ქურთისტანის სახელითაა ცნობილი.

მეოცე საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ არსებობდა ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნის იდეა. ოსმალეთის იმპერიის დამარცხების შემდეგ დასავლელმა მოკავშირეებმა 1920 წელს შეიმუშავეს სევრის ხელშეკრულება, რომელიც იმპერიის დაყოფას და ქურთისტანის სახელმწიფოს შექმნას ითვალისწინებდა, თუმცა მის ნაცვლად, სამი წლის შემდეგ, მიიღეს ლოზანის საზავო ხელშეკრულება, რომელმაც თურქეთის, სირიის და ერაყის ამჟამინდელი საზღვრები დაადგინა და ქურთები ამ სამ სახელმწიფოში გაფანტული დატოვა, სადაც უმცირესობაში მოექცნენ.

ქურთები სირიაში

ქურთები სირიის მოსახლეობის 7-დან 10%-მდე შეადგენენ. ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ამბოხების დაწყებამდე მათი უმეტესობა ალეპოში, დამასკოში და აგრეთვე კობანის, აფრინის და ქამიშლის მახლობლად ცხოვრობდა.

ასადის რეჟიმის პირობებში მათი უფლებები მუდმივად ირღვეოდა. 1960-იანი წლებიდან ასობით ათას ქურთს უარს ეუბნებოდნენ მოქალაქეობის მინიჭებაზე, ართმევდნენ კერძო საკუთრებას და ასახლებდნენ, რათა ქურთული რეგიონების არაბიზაცია მომხდარიყო.

როდესაც ასადის წინააღმდეგ ამბოხება დაიწყო, რაც საბოლოოდ სამოქალაქო ომში გადაიზარდა, ქურთებმა თავდაპირველად რომელიმე მხარის დაჭერაზე უარი თქვეს და ქვეყანაში გამეფებული არეულობის პირობებში იმ ტერიტორიებზე, სადაც ცხოვრობდნენ, კონტროლის აღება დაიწყეს.


ფოტო: Reuters

2014 წლის იანვარში ქურთულმა პარტიებმა აფრინის, კობანის და ჯაზირას კანტონებში ავტონომია გამოაცხადეს, 2016 წლის მარტში კი ფედერალური სისტემის შექმნა დააანონსეს. ქურთების კონტროლის ქვეშ მოექცა ის ტერიტორიები, რაც მათ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს წაართვეს. პარტიები ირწმუნებოდნენ, რომ დამოუკიდებლობა არ სურდათ და მხოლოდ ავტონომიას ითხოვდნენ მაგრამ, მიუხედავად ამისა, ქურთების ეს გადაწყვეტილება არალეგიტიმურად ცნო როგორც სირიის მთავრობამ და ასადის ოპოზიციამ, ასევე თურქეთმა და აშშ-მა. ასადმა განაცხადა, რომ სირიაში ფედერალიზმი არ იქნება და ყველა ტერიტორიას დაიბრუნებდა.

ქურთები თურქეთში

ქურთები თურქეთის მოსახლეობის 15-დან 20%-მდე შეადგენენ. ათწლეულებია თურქეთის მთავრობა ქურთებს განსაკუთრებით მკაცრად ექცევა. 1920-იან და 30-იან წლებში მომხდარი ამბოხებების შემდეგ მათი ნაწილი გადაასახლეს, აკრძალეს ქურთული სახელები და წეს-ჩვეულებები, შეზღუდეს ქურთული ენის გამოყენება, უარყვეს ქურთების, როგორც ეთნიკური ჯგუფის არსებობა და მათ “მთის თურქები” დაარქვეს.

1978 წელს აბდულა ოჯალანმა ქურთისტანის მუშათა პარტია დააარსა და დამოუკიდებლობა მოითხოვა. 6 წლის შემდეგ დაჯგუფებამ ამ მიზნის მისაღწევად შეიარაღებული ბრძოლა დაიწყო. ამას ჯამში 40,000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და ათასობით ადამიანს საკუთარი სახლების მიტოვება მოუხდა.


ფოტო: Reuters

საბოლოოდ, 1990-იან წლებში ქურთისტანის მუშათა პარტიამ დამოუკიდებლობაზე უარი თქვა და კულტურული და პოლიტიკური ავტონომია მოითხოვა. ოჯალანი 1999 წელს დააკავეს, ტერორიზმის ბრალდებით გაასამართლეს და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. თურქეთის მთავრობასთან დაპირისპირება 2013 წლამდე გრძელდებოდა, სანამ საიდუმლო მოლაპარაკებები არ გაიმართა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს, რომელიც 2015 წელს ტერორისტული თავდასხმის შედეგად შეწყდა. თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილ აფეთქებაზე, რომელსაც სირიის საზღვართან, ძირითადად ქურთებით დასახლებულ ქალაქ სურუჩში  33 ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა, პასუხისმგებლობა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს დაეკისრა, თუმცა ქურთისტანის მუშათა პარტიამ თურქეთის მთავრობა დაადანაშაულა და თურქ პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე თავდასხმა მოაწყო. პასუხად თურქეთის მთავრობამ ე.წ. ისლამური სახელმწიფოსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ “სინქრონიზებული ომი” წამოიწყო. მას შემდეგ სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მომხდარ დაპირისპირებებს ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის დაიღუპა ასობით მშვიდობიანი მოქალაქე.

გარდა პირდაპირი დაპირისპირებისა, ერდოღანი აქტიურად ებრძვის ქურთების მხარდამჭერ პოლიტიკურ ძალებს. მხოლოდ მიმდინარე წელს, ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შემდგომ, ასობით ადამიანი ქურთისტანის მუშათა პარტიასთან კავშირის ბრალდებით დააკავეს, მათ შორის მოხსნეს და დააკავეს თურქეთის სამხრეთით მდებარე რამდენიმე ქალაქის არჩეული მერი. თურქეთი მათ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის და ტერორისტული ჯგუფის პროპაგანდის გავრცელების ბრალდებით ასამართლებს.

ქურთები ერაყში

ქურთები ერაყის მოსახლეობის 15-დან 20%მდე შეადგენენ. ისინი აქ მეტი უფლებებით სარგებლობენ, თუმცა ერაყშიც გამხდარან რეპრესიების მსხვერპლი.

1946 წელს მუსტაფა ბარზანიმ ქურთისტანის დემოკრატიული პარტია ჩამოაყალიბა და ავტონომიისათვის ბრძოლა დაიწყო, რომელიც 1961 წელს შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაიზარდა.

1970-იან წლებში ერაყის მთავრობამ ქურთებით დასახლებული რეგიონებიდან, განსაკუთრებით კი ნავთობით მდიდარი ქალაქ კირკუკიდან ქურთების გასახლება და არაბების ჩასახლება დაიწყო. 1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს ეს პროცესი კიდევ უფრო დააჩქარეს. ამ ომში ქურთები ირანს უჭერდნენ მხარს. 1988 წელს სადამ ჰუსეინმა ამის გამო შური იძია და ქალაქ ჰალაბჯაზე ქიმიური თავდასხმა მოაწყო.


ფოტო: Reuters

1991 წელს, როდესაც ერაყი სპარსეთის ყურის ომში დამარცხდა, ბარზანის შვილმა მასუდმა და მეტოქე ქურთისტანის პატრიოტული ერთობის პარტიის ლიდერმა ჯალალ თალაბანიმ ამბოხება დაიწყეს. ამბოხების ჩასახშობად ჰუსეინმა ძალა გამოიყენა, რის გამოც აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ერაყის ჩრდილოეთით დახურული საჰაერო ზონა შექმნეს, რამაც ქურთები ჰუსეინის თავდასხმებისაგან დაიცვა და საშუალება მისცა თავად ემართათ ეს ტერიტორია. დაპირისპირებულმა პარტიებმა თავდაპირველად შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა საბოლოოდ მათ შორის ურთიერთობები დაიძაბა და 1994 წელს 4-წლიანი ომი დაიწყო.

2003 წელს ერაყში აშშ-ის შესვლის შემდეგ მათ ხელახლა შეძლეს თანამშრომლობა და სადამ ჰუსეინის ხელისუფლების დამხობის შემდეგ მათი კოალიცია ქურთისტანის ადგილობრივ მთავრობაში მოვიდა, რომელშიც დაჰუკის, ირბილის და სულეიმანიას პროვინციები შედიოდა. რეგიონის პრეზიდენტად მასუდ ბარზანი დაინიშნა, ჯალალ თალაბანი კი ერაყის პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელიც ეთნიკურად არაბი არ იყო.

2017 წლის სექტემბერში ერაყის ქურთისტანის რეგიონში და რეგიონის განკარგულებაში მყოფი სამხედრო დაჯგუფების, პეშმერგას მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე, მათ შორის კირკუკში, დამოუკიდებლობის საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. მონაწილეობა 3.3 მილიონამდე ადამიანმა მიიღო და მათმა 90%-მა ქურთისტანის დამოუკიდებლობას მხარი დაუჭირა, თუცა ერაყის მთავრობამ რეფერენდუმი არალეგალურად ცნო. მალევე ერაყის მთავრობამ სადავო ტერიტორიები, მათ შორის კირკუკი დაიბრუნა. ნავთობით მდიდარი ქალაქის დაკარგვამ ქურთისტანის რეგიონულ მთავრობას დამოუკიდებლობის გამოცხადებისათვის მთავარი ფინანსური ბერკეტი გამოაცალა. ბარზანი თანამდებობიდან გადადგა. ამჟამად რეგიონის პრეზიდენტის პოსტს მუსტაფა ბარზანის შვილიშვილი, ნეჩირვან ბარზანი იკავებს.


ფოტო: Reuters

ქურთების ბრძოლა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან

ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ არა მხოლოდ სირიელი ქურთები, არამედ ერაყელი ქურთებიც იბრძოდნენ. 2013 წელს ISIS-მა ხელში ჩაიგდო ჩრდილოეთ სირიის ტერიტორია და მიმდებარედ არსებული სამი ქურთული ანკლავის დაპყრობა სცადა, თუმცა მათ წინააღმდეგობა სირიის ქურთული დემოკრატიული კავშირის პარტიის შეიარაღებულმა ფრთამ, ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებმა გაუწია.

2014 წელს ISIS-მა ჩრდილოეთ ერაყში სცადა ტერიტორიების გაფართოება, თუმცა ერაყის არმიის მიერ მიტოვებული ტერიტორიები პეშმერგას მებრძოლებმა დაიცვეს.


ფოტო: Reuters

მიუხედავად ამისა, ტერორისტულმა დაჯგუფებამ მაინც შეძლო რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რამდენიმე ქალაქის აღება, მათ შორის სინჯარის და ათასობით იეზიდი დაატყვევა და დახოცა.

პეშმერგას დახმარება აშშ-ის კოალიციამ გაუწია და ჩრდილოეთ ერაყში საჰაერო თავდასხმები განახორციელა. ქურთისტანის სახალხო დაცვის შენაერთებთან ერთად პეშმერგას ეხმარებოდა ქურთისტანის მუშათა პარტიაც.

2014 წელს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ჩრდილოეთ სირიაში ქალაქ კობანზე დაიწყო თავდასხმა. ათობით ათასი ადამიანი თურქეთში გაიქცა. თურქეთმა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებაზე უარი თქვა და მეტიც, თურქეთში მცხოვრებ ქურთებს საზღვრის გადაკვეთის და საბრძოლველად წასვლის უფლება არ მისცა. 2015 წელს ქურთულმა ძალებმა ქალაქის დაბრუნება შეძლეს, თუმცა დაიღუპა სულ მცირე 1,600 ადამიანი.


ფოტო: AP

სირიის დემოკრატიული ძალების ბანერის ქვეშ ქურთები აშშ-ის კოალიციასთან ერთად იბრძოდნენ, იარაღს იღებდნენ და წვრთნებში მონაწილეობდნენ. ამგვარად მათ ტერორისტული დაჯგუფება სირიის ტერიტორის უმეტესი ნაწილიდან გააძევეს.

პარალელურად, თურქეთმა მხარი სირიელ ამბოხებულებს დაუჭირა და 2016 წლიდან ჩრდილოეთ სირიაში საკუთარი სამხედრო ძალები ჰყავს. მათ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ქალაქი ჯარაბულუსი წაართვეს, 2018 წლის იანვარში კი ოპერაცია “ზეთისხილის რტო” დაიწყეს, რომელიც ქალაქ აფრინიდან ქურთი სამხედროების განდევნას ისახავდა მიზნად. ქალაქი ასობით ათასმა ადამიანმა დატოვა. მარტში თურქეთმა და მისმა მოკავშირეებმა ქალაქი აიღეს.


ფოტო: Reuters

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო ოპერაცია განახორციელა სირიის ტერიტორიაზე, ამ დრომდე რეგიონში, სადაც ამერიკული ძალები სირიის დემოკრატიულ ძალებთან და მასში შემავალ ქურთულ დანაყოფებთან ერთად იყო განთავსებული სამხედრო მოქმედებებისაგან თავს იკავებდა. თუმცა ტრამპის გადაწყვეტილებას სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.

რა ხდება სირიაში და რა ბედი ელით ქურთებს

9 ოქტომბერს თურქეთმა ჩრდილოეთ სირიაში ოპერაცია “მშვიდობის წყარო” დაიწყო, მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ამ ტერიტორიიდან ამერიკელი ჯარისკაცები გაჰყავდა. ტრამპის გადაწყვეტილება გააკრიტიკეს როგორც მისმა ოპონენტებმა, ასევე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლება და ტრამპის მხარდამჭერებმა. აშშ-ის კონგრესმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ჩრდილოეთ სირიიდან აშშ-ის ჯარის გამოყვანას გმობს, სენატი კი თურქეთისათვის დამატებითი სანქციების კანონპროექტზე მუშაობს.

ერდოღანმა თქვა, რომ ოპერაცია ე.წ. ისლამური სახელმწიფოს და ქურთისტანის სახალხო დაცვის კავშირის/ქურთისტანის მუშათა პარტიის წინააღმდეგ იყო მიმართული.

თურქეთი ირწმუნება, რომ ოპერაცია სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით უსაფრთხო ზონის შექმნას და ტერორისტული ელემენტებისაგან მის გაწმენდას გეგმავს, რათა სირიელი მიგრანტების დაბრუნება გახდეს შესაძლებელი.

ამჟამად თურქეთს 3.6 მილიონი სირიელი აფარებს თავს. ერდოღანს სურს, რომ მათგან 2 მილიონი უსაფრთხო ზონებში დააბრუნოს.

რუკაზე დაშტრიხულია ტერიტორია, სადაც თურქეთს უსაფრთხო ზონის შექმნა სურს. წითლად აღნიშნულია თურქეთის და მათ მიერ მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების მიერ დაკავებული ტერიტორია. მწვანე ფერით აღნიშნულია ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორია, ხოლო ცისფრად - ასა
ფოტო: BBC

მძიმე დარტყმები მიიღეს სირიის დემოკრატიულმა ძალებმა. ოპერაციის დაწყებიდან დაიღუპა ათობით მშვიდობიანი მოქალაქე. 160,000-ზე მეტ ადამიანს სახლების მიტოვება მოუხდა. არეულობის გამო ციხეებიდან და ბანაკებიდან გაიქცა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული 500-ზე მეტი ადამიანი.

ამჟამად, ჩრდილოეთ სირიაში, ქალაქ მანბიჯთან რუსი ჯარისკაცები სირიისა და თურქეთის ძალებს შორის პატრულირებენ. მანბიჯს ასადის რეჟიმის ძალები აკონტროლებენ, რომელსაც რუსეთი უჭერს მხარს.

სირიის დემოკრატიულმა ძალებმა აშშ-ის ამ გადაწყვეტილების შემდეგ შეთანხმებას ასადის რეჟიმთან მიაღწიეს, რის შემდეგაც ასადმა სირიის ჩრდილოეთით სირიის არმია გაგზავნა. სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი მაზლუმ აბდი ამბობს, რომ ასადის მთავრობასთან და მათ რუს მოკავშირეებთან თანამშრომლობა მათთვის მტკივნეული კომპრომისია.

"ჩვენ არ ვენდობით მათ მიერ მოცემულ პირობებს. გულწრფელად რომ ვთქვა, რთულია იმის ცოდნა, ვის შეიძლება ენდო. მაგრამ, თუ არჩვანი გვაქვს კომპრომისსა და ჩვენი ხალხის გენოციდს შორის, ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხის სიცოცხლეს ავირჩევთ." წერს ის ჟურნალ Foreign Policy-ში გამოყვეყნებულ სტატიაში.

ტრამპმა თურქეთის სამხედრო ოპერაციის პასუხად ანკარას ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდა და სანქციები დაუწესა. სანქციების ქვეშ მოყვა თურქეთის თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრები, ასევე გენშტაბის უფროსი ჰულუსი აკარი და თურქეთის მმართველი პარტიის მეორე პირი, სულეიმან სოილუ. ერდოღანმა თქვა, რომ სანქციები არ ადარდებდა და ცეცხლის შეწყვეტას არ დათანხმდებოდნენ, თუმცა, მოგვიანებით, ტრამპის მორიგი მუქარის შემდეგ, პოზიცია შეიცვალა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს მოლაპარაკებებისათვის შეხვდა. ისინი ცეცხლის 5 დღით შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რამაც სირიის დემოკრატიულ ძალებს და ქურთ მებრძოლებს “უსაფრთხო ზონიდან” გასვლის დრო უნდა მისცეს. ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის მხარის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ უსაფრთხო ზონას თურქეთი გააკონტროლებს. ამ ზონაში შევა მნიშვნელოვანი ქურთული ქალაქები და მაგისტრალი. კითხვაზე, არის თუ არა ეს ქურთების მეორედ მიტოვება, პენსმა პასუხი არ გასცა.

მაიკ პენსი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: Reuters

მიუხედავად შეთანხმებისა, ბრძოლები გრძელდება. კვლავ ისმის სროლის და აფეთქების ხმა. დრონები და თვითმფრინავები კვლავ დაფრინავენ ქალაქ რას ალ-აინის თავზე. გრძელდება შეტაკებები სირიის დემოკრატიულ ძალებსა და თურქეთის მიერ მხარდაჭერილ სირიელ ამბოხებულებს შორის.

შეთანხმების შესახებ ინფორმაცია დაადასტურა სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერმა გენერალმა მაზლუმმა. მან ადგილობრივ ტელევიზიასთან საუბარში თქვა, რომ მიუხედავად ამისა, ქალაქ თელ აბიადსა და რას ალ-აინს შორის ბრძოლები კვლავ გრძელდება.

"ჩვენს ხალხს ეს ომი არ სურდა. ჩვენ მივესალმებით ცეცხლის შეწყვეტას, მაგრამ ჩვენ თავს დავიცავთ იმ შემთხვევაში, თუ თავს დაგვესხმებიან. ცეცხლის შეწყვეტა ერთია და დანებება მეორე. ჩვენ მზად ვართ თავი დავიცვათ. ჩვენ არ შევეგუებით ჩრდილოეთ სირიის ოკუპაციას." თქვა ქურთმა პოლიტიკურმა ლიდერმა სალიჰ მუსლიმ მუჰამედმა.

ვლადიმერ პუტინი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი
ფოტო: Bloomberg

აღსანიშნავია, რომ ერდოღანის და პენსის შეხვედრის შემდეგ უსაფრთხო ზონის ზუსტი მასშტაბები არ დაუკონკრეტებიათ. ასევე არ უხსენებიათ ტერიტორიაზე მყოფი სირელი და რუსი სამხედროები. მოსალოდნელია, რომ სწორედ ამას განიხილავენ ერდოღანი და პუტინი 22 ოქტომბერს სოჭში შეხვედრისას. ამგვარად, პუტინის ხელში აღმოჩნდა ქურთების ბედი, რომლებზეც, არცთუ ისე დიდი ხნის წინ, რეგიონში დემოკრატიის დამყარების კუთხით იმედებს ამყარებდნენ.

კომენტარები