უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატები

10 კანდიდატიდან უზენაესის მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ 1 აკმაყოფილებს - ევრ. საქართველო

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების, ევროპული საქართველოს მიერ შემუშავებული, შეფასების კრიტერიუმების მიხედვით ამ დრომდე მოსმენილს კანდიდატებს შორის უზენაესის მოსამართლეობის სტანდარტს მხოლოდ ერთი მათგანი, თამარ ზამბახიძე აკმაყოფილებს. როგორც დღეს პარტიაში გამართულ ბრიფინგზე თქვეს, ევროპული საქართველო ზამბახიძის უზენაესში უვადოდ გამწესებას მხარს დაუჭერს. 

შეფასების ამავე მეთოდოლოგიით, მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ მოქმედი გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე. 

ევროპული საქართველო კანდიდატებს 10 ქულიანი სისტემით სამი კრიტერიუმის საფუძველზე აფასებს. ესენია კომპეტენტურობა, კეთილსინდისიერება და ზოგადი განათლება/ფასეულობები. (1-3 ქულა - ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს; 4-6 ქულა - აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს; 7-10 ქულა - აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.)

ამასთანავე, ევროპული საქართველოს შეფასების სისტემით მოსამართლეობის კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს აკმაყოფილებს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ზემოთ აღნიშნულ თითოეულ კრიტერიუმში დააგროვებს 7-10 ქულას.

გთავაზობთ ევროპული საქართველოს სისტემით უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებას ვრცლად:

მაია ვაჩაძე

კომპეტენტურობა - 7 ქულა

ა) მიღებული აქვს რიგ შემთხვევებში მყარი სამართლებრივი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები და დიდწილად სწორად იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ბ) ფიქრობს, რომ სასამართლოს კრიტიკა არ უნდა იყოს დასჯადი.

გ) თვლის, რომ დემოკრატიული სახელმწიფო სეკულარიზმის გარეშე ვერ იარსებებს.

დ) 2018 წლის 15 მარტის გადაწყვეტილებაში, რომელიც შეეხებოდა შსს-თვის დისკრიმინაციული ქმედების აღმოფხვრასა და მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრებას, არასწორად დააკისრა მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეს და გამოიყენა განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების მქონე სტრასბურგის გადაწყვეტილება.

ე) მიაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს ისეთი ლეგიტიმური მიზნით, რომელიც არ არის ნახსენები საქართველოს კონსტიტუციაში, მაგრამ წერია ევროპულ კონვენციაში, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციით დადგენილი გამოხატვის თავისუფლების სტანდარტის დაწევას.

კეთილსინდისიერება - 5 ქულა

ა) განიხილა რუსთავი 2-ის საქმე უზენაეს სასამართლოში, დაადგინა იძულების ფაქტი და ქვედა ორი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობა შეცვალა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის გარეშე.

ბ) დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ გაემიჯნა  2003 წლის 3 მარტს, უზენაეს სასამართლოში მისი მოსამართლეობის დროს,  უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის სახელით გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რითაც მოუწოდეს პროკურატურას დაესაჯა ის ჟურნალისტი, რომელმაც გააშუქა მოქმედი მოსამართლის მიერ პროკურატურისგან ქრთამის აღების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერი.

გ) მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 7 ქულა

ა) განიხილა რუსთავი 2-ის საქმე უზენაეს სასამართლოში, დაადგინა იძულების ფაქტი და ქვედა ორი ინსტანციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში განვითარებული მსჯელობა შეცვალა ზეპირი მოსმენის ჩანიშვნის გარეშე.

ბ) დღევანდელი გადმოსახედიდან შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ არ გაემიჯნა  2003 წლის 3 მარტს, უზენაეს სასამართლოში მისი მოსამართლეობის დროს,  უზენაესი სასამართლოს სრული შემადგენლობის სახელით გაკეთებულ საჯარო განცხადებას, რითაც მოუწოდეს პროკურატურას დაესაჯა ის ჟურნალისტი, რომელმაც გააშუქა მოქმედი მოსამართლის მიერ პროკურატურისგან ქრთამის აღების ამსახველი ფარული ვიდეო ჩანაწერი.

გ) მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა.

დასკვნა: აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

თამარ ზამბახიძე

კომპეტენტურობა - 8 ქულა

ა) მიღებული აქვს მყარი სამართლებრივი დასაბუთების მქონე გადაწყვეტილებები, სწორად იყენებს და კარგად იცნობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და  ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკას.

ბ) სიღრმისეულად, სტრასბურგის მიერ დადგენილი სტანდარტებით ახსნა თუ რას ნიშნავს მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის პრინციპები და რა ტესტს უნდა აკმაყოფილებდეს ეს ორი პრინციპი.

გ) სწორად ახსნა გამოხატვის თავისუფლების ის სტანდარტი, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის დაცული.

დ) არ გასცა პირდაპირი პასუხი შეკითხვას იმის შესახებ უნდა ისჯებოდეს თუ არა ადამიანი საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში.

ე) არ გასცა პირდაპირი პასუხი დემოკრატიული სახელმწიფო აღიარებს თუ არა ღმერთის არსებობას და მის ჭეშმარიტებას.

ვ)  არ გასცა პასუხი შეკითხვას დასჯადი უნდა იყოს თუ არა სასამართლოს შენობაში მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხე მხარის არაპირდაპირი შეურაცხყოფა. თუმცა აღნიშნა, რომ სასამართლოს შენობაში პროცესის ერთ-ერთ მხარეს მისთვის რომ მიეყენებინა არაპირდაპირი შეურაცხყოფა თავს დაზარალებულად არ მიიჩნევდა.

კეთილსინდისიერება - 7 ქულა

ა) თვლის, რომ საქმეების ელექტრონული განაწილების სისტემის მნიშვნელობა არ კნინდება და დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის პრინციპების იმპლემენტაციას საფრთხეს არ უქმნის სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება მოსამართლეები განსაზღვროს ვიწრო სპეციალიზაციით მანამ, სანამ სასამართლო წარმოებაში მიიღებს საქმეს.

ბ) თვლის, რომ სასამართლოსადმი ნდობა წარსულთან შედარებით დღევანდელი მდგომარეობით არის გაზრდილი.

გ) მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების, პროფესიული საქმიანობისა და პარლამენტში საჯარო მოსმენისას გაცემული პასუხების საფუძველზე არ იკვეთება მისი მიკერძოება პოლიტიკური ხელისუფლებისადმი.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 9 ქულა

დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლება მიაჩნია უმნიშვნელოვანეს ღირებულებად, რომლის დაცვაც სხვა ყველა უფლების დაცვისა და იმპლემენტაციის საწინდარია.

დასკვნა: აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს.

შალვა თადუმაძე

კომპეტენტურობა - 2 ქულა 

ა) ფიქრობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი სტანდარტი -პირისთვის მიყენებული ფიზიკური ან მორალური ზიანი არ არის საკმარისი ასეთი პირის დაზარალებულად ცნობისთვის.

ბ) პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს თავის დიპლომში ეძებდა ისეთი საგნის შეფასებას, რომელიც საერთოდ არ უსწავლია უნივერსიტეტში.

გ) პარლამენტის მიმართა დეპუტატი ნიკა მელიას დაპატიმრების მოთხოვნით, რომელიც არ შეიცავდა არანაირ მტკიცებულებას და დასაბუთებას, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო. ასევე მოყვანილი სამი სასამართლო გადაწყვეტილებიდან ერთი არ არსებობს სტრასბურგის სასამართლო პრაქტიკაში და დანარჩენი ორი გადაწყვეტილება ეხება სრულიად განსხვავებული ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეს და შემხებლობა არ აქვს დეპუტატის მანდატის შეწყვეტასთან და დაპატიმრებასთან.

დ) მის მიერ წარმოდგენილი დიპლომი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შემდგომ უკვე პარლამენტში შეიცავს სიყალბის ნიშნებს.

ე)  ვერ განმარტა სამართლიანი სასამართლოს უფლება.

ვ) ვერ გააკეთა სისხლისსამართლებრივი კვალიფიკაცია ჰიპოთეტურ კაზუსზე, რომელიც შეეხებოდა მოსამართლის მიერ საჭირო დიპლომის არქონის პირობებში მოსამართლეობას.

ზ) თვლის, რომ სახალხო დამცველს უფლება არ აქვს შეაფასოს ის კრიტერიუმები რითიც უნდა მოხდეს მოსამართლეების შეფასება.

კეთილსინდისიერბა - 1 ქულა

ა) დიპლომის მოპოვება ვერ ხერხდება ვერცერთი სახელმწიფო უწყებიდან, სადაც მუშაობდა.

ბ) ვერ ასახელებს სამ კურსელს და ვერცერთ ლექტორს იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად სწავლობდა ნოდარ დუმბაძის სახელობის უნივერსიტეტში.

გ) როგორც გენერალურ პროკურორს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში თანამონაწილე რამდენიმე პირს, ვინც აღბეჭდილია ვიდეო კადრებზე და იდენტიფიცირებულები არიან, ბრალი არ აქვთ წარდგენილი და შესაბამისად ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში დღემდე არ არიან შეყვანილები.

დ) როგორც გენერალურ პროკურორს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა იმის გამო, რომ გიორგი სულაშვილმა, მაკო გომურმა და ოცდაათზე მეტ ჟურნალისტს დღემდე არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ „გავრილოვის ღამეს“ მიადგათ ფიზიკური ზიანი და ხელი შეეშალათ პროფესიულ საქმიანობაში. ასევე მას ეკისრება პასუხისმგებლობა გარდაცვლილი ია კერზაიას საქმეში მისი შვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დღემდე არ მინიჭებაზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები 1 ქულა 

დასკვნა: ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

ზაზა თავაძე

კომპეტენტურობა - 2 ქულა

ა) არ აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი და არც დოქტორის ხარისხი.

ბ) ვერ ახსნა სრულყოფილად კონსტიტუციონალიზმის არსი.

გ) არ იცნობს საფუძვლიანად საკონსტიტუციო სასამართლოს ისეთ გადაწყვეტილებებსაც კი, რომლებზეც მისი ხელმოწერაა.

დ) ვერ ჩამოთვალა და ვერ ახსნა პროპორციულობის  ტესტის საფეხურები, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში მათ შორის მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებით არის დადგენილი.

ე) ფიქრობს, რომ მოსამართლის იდეოლოგიურმა მსოფლმხედველობამ შეიძლება გავლენა იქონიოს გადაწყვეტილებებზე, მაგალითისთვის მოიყვანა აშშ-ს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ანტონინ სკალია და რუთ ბეიდერ გინსბურგი, მაგრამ ვერ ახსნა მათი განსხვავებული იდეოლოგიები.

ვ) არ იცის სამართლის ფილოსოფოსი მილის „ზიანის პრინციპი“, რომელსაც ასახავს კანდიდატის მიერ გამოტანილი რამდენიმე გადაწყვეტილება.

ზ) დისკრიმინაციის შეფასების ორი ტესტი სწორად ახსენა თუმცა ვერ გააკეთა განმარტება თუ რას ნიშნავს თითოეული მათგანი.

თ) ვერ ახსნა სოციალური კონტრაქტის თეორიის არსი.

კეთილსნდისიერება - 1 ქულა

ა) პარლამენტში საჯარო მოსმენის დროს გამოიკვეთა, რომ არასწორად აქვს შევსებული დეკლარაციები.

ბ) მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს საეჭვოდ დაემთხვა დროში საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე მოსამართლის, მათ შორის, კანდიდატის მიერ გაკეთებული ანალოგიური შინაარსის განცხადება, სადაც გააპროტესტეს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მიერ პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანის ფორსირება მათთან შეუთანხმებლად. აღნიშნული მიუთითებს კანდიდატის მიკერძოებას მმართველი ხელისუფლებისადმი.

გ) როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს და მოსამართლეს პასუხისმგებლობა ეკისრება ისეთ საქმეებზე გადაწყვეტილების გამოტანის გაჭიანურებაზე, რომლის მიმართაც ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური დაინტერესება არსებობს. ამის საილუსტრაციოდ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დროში საეჭვოდ დაემთხვა კანდიდატის საჯარო განცხადება, რომლითაც გააპროტესტა საკონსტიტუციო სასამართლოს იმდროინდელი თავმჯდომარე პოლიტიკური დატვირთვის მქონე საქმეებზე გადაწყვეტილებების ფორსირებისთვის, და ამასთან მოითხოვა 2014-2015 წლებში ხელისუფლების მხრიდან მოსამართლეებზე განხორციელებული შესაძლო ზეწოლის გამოძიება ისევ ხელისუფლების წარმომადგენელი ორგანოს-პროკურატურის მიერ და მხოლოდ გამოძიების დასრულების შემდეგ მოითხოვა გადაწყვეტილებების გამოტანა.

დ) ზემოთ აღწერილ გარემოებებს დროში საეჭვოდ დაემთხვა დაუსაბუთებელი შემოსავლის მიღება.

ზოგადი განათლება და გასეულობები - 1 ქულა 

ა) კანდიდატმა საკონსტიტუციო სასამართლოში თავმჯდომარეობის დროს თავის მოადგილედ წარადგინა მერაბ ტურავა, რომელმაც წარსულში მოსამართლეობის დროს განიხილა საქმე, სადაც საოკუპაციო რეჟიმის დოკუმენტი მიიჩნია იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად. ასევე, თვითნებურად დაწვა საავადმყოფოში იმ მოტივით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანა გაეჭიანურებინა.

დასკვნა: ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

ვლადიმერ კაკაბაძე

კომპეტენტურობა - 1 ქულა

ა) ვერ ახსნა კონდიქციური ვალდებულების არსი.

ბ) სწორად უპასუხა წინა კანდიდატების საჯარო მოსმენებზე დასმულ შეკითხვას თუ რა განსხვავებაა პატივსა და ღირსებას შორის.

გ) „ფილიპ მორისის“ საქმეზე გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი, არარსებული კანონმდებლობის საფუძველზე, კანონის არასწორი ინტერპრეტაციითა და ფაქტებისა და მტკიცებულებების უგულებელყოფით დაწერილი, რომელიც სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.

დ) ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტსა და შეფასებას.

ე) სამართლებრივად აბსურდულია მისი სარჩელი ფადი ასლის წინააღმდეგ, რადგან არ ესმის გამოხატვის თავისუფლების შინაარსი და მისი ფარგლები, ვერ ასხვავებს ერთმანეთისგან ფაქტსა და შეფასებას. თუმცა აღნიშნული საქმე ვლადიმერ კაკაბაძემ უზენაეს სასამართლოში წააგო.

ვ) ვერ ახსნა განსხვავება შერაცხადობასა და ქმედუნარიანობას შორის.

კეთილსინდისიერება - 1 ქულა

ა) კანდიდატის, როგორც მოსამართლის მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა სერიოზულ ეჭვს იწვევს, რადგან მან მიიღო სამართლებრივად აბსურდული გადაწყვეტილება „ფილიპ მორისის“ საქმეზე. ამასთან, საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საეჭვოდ დაემთხვა 2018 წლის 19 სექტემბერს ტელევიზიაში გავრცელებული ვანო ჩხარტიშვილის, ირაკლი ჩუბინიშვილისა და ზაზა ოქრუაშვილის საუბრის ფარული ჩანაწერი, სადაც საუბარია „ფილიპ მორისის“ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების ირგვლივ და ასევე სასამართლოს მიერ ქვეყანაში სიგარეტის მსხვილი იმპორტიორის შეჩერების გეგმაზე.

ზოგადი განათლება და ფასეულობები - 1 ქულა

ა) მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოში და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტზე საჯარო მოსმენის დროს ერთი და იმავე შეკითხვით რამდენჯერმე მიმართვა ჩეკისტური დაკითხვაა.

ბ) არ იცნობს „თავისუფლების დიდი ქარტიის“ დოკუმენტს.

დასკვნა: ვერ აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს.

შეფასებისას გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატების წარდგინებისათვის დართული მასალები, "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" მიერ წარმოდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა ინდივიდუალური პორტფოლიოები და პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში კანდიდატების საჯარო მოსმენები.

შემფასებლები არიან საქართველოს პარლამენტის დეპუტატები: ოთარ კახიძე, გიგა ბოკერია, ირაკლი აბესაძე, სერგო რატიანი, გიორგი კანდელაკი, ხათუნა გოგორიშვილი, სერგი კაპანაძე.

ევროპულმა საქართველომ წინა 5 კანდიდატის ქულებიც გამოაქვეყნა და მათი კრიტერიუმების მიხედვით, მოსამართლეობის მინისმალურ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებენ კანდიდატები: თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე და მამუკა ვასაძე. რაც შეეხება შოთა გეწაძეს, ის აკმაყოფილებს მოსამართლეობის მინიმალურ სტანდარტს, მაგრამ ვერ აკმაყოფილებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სტანდარტს. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

კომენტარები