პანკისის სპეცოპერაცია

პანკისის სპეცოპერაციის საქმეზე გომელაური, გოგაშვილი და ჩიმაკაძე დაიკითხნენ

0 კომენტარი
ფოტო: reginfo,ge

პანკისში სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და სუს-ის მაშინდელი ხელმძღვანელი, ვახტანგ გომელაური, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი და სუს-ის ანტიტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ჩიმაკაძე დაიკითხნენ. ინფორმაცია "ტაბულას" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

როგორც "ტაბულას" პროკურატურაში უთხრეს, "თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიების ფარგლებში ჩატარდა და ჩატარდება ყველა საგამოძიებო მოქმედება საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით."

დაკითხვის შესახებ ინფორმაცია სოსო გოგაშვილმა "ინტერპრესნიუსს" დაუდასტურა თქვა, რომ პროკურატურის კითხვებს ორი თვის წინ უპასუხა. სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ "პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გამოძიება მალე დასრულდება და ყველაფერს ნათელი მოეფინება." 

2017 წლის 26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სულ 5 ადამიანი დააკავეს, ერთ-ერთი ბრალდებული, თემირლან მაჩალიკაშვილი კი თავში მძიმედ დაიჭრა, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში საავადმყოფოში გარდაიცვალა. სპეცოპერაციის დღეს სუს-ში განაცხადეს, რომ მაჩალიკაშვილმა წინააღმდეგობის გაწევა და ხელყუმბარის მოქმედებაში მოყვანა სცადა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სახლში იარაღი არ აღმოუჩენიათ და დაკავებულს არც ხელყუმბარა ჰქონია. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, მაჩალიკაშვილს საძინებელში ესროლეს. მოგვიანებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში თქვეს, რომ აქვთ ვიდეოკადრები, სადაც ჩანს, რომ ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები თემირლან მაჩალიკაშვილთან ერთად გადაადგილდებიან. 

1 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ მაჩალიკაშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თინათინ წულაძე

კომენტარები