კორუფცია

სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქარელის მერიის წარმომადგენელი და საკრებულოს წევრი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივი სიყალბის ბრალდებით ორი პირი დააკავა - ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი  და  ქარელის მერის წარმომადგენელი დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში.

სუს-ში ამბობენ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი (გიორგი
გ.) მოქალაქეს დაჰპირდა, რომ 2000 ლარის სანაცვლოდ ქარელის მერის
წარმომადგენელს დირბის ადმინისტრაციულ ერთეულში (სოსლან ქ-ს) საქონლის შეძენის დამადასტურებელ ცნობაში ყალბ მონაცემებს შეატანინებდა. თითქოს, სოფელ დირბის მაცხოვრებელმა  თავის მიწის ნაკვეთზე მოყვანილი 20 ტონა სოფლის მეურნეობის პროდუქტი  ამ მოქალაქეს მიჰყიდა.

სუს-ის ცნობით, 2019 წლის 23 ოქტომბერს ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა მოქალაქეს ცნობა გადასცა და მოთხოვნილი 2000 ლარი აიღო. ანტიკორუფციული სააგენტოს წარმომადგენლებმა ის სწორედ ამ დროს დააკავეს.

გამოძიება ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურებრივ სიყალბეზე
სსკ-ის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და 341 მუხლით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 3-დან 5 წლამდე ითვალისწინებს.

კომენტარები