მეუფე იაკობის განცხადებები

ხაზარაძე: ნორმალურ ქვეყანაში, მეუფე იაკობის განცხადებებზე სასწრაფოდ დაიწყებოდა გამოძიება

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მოძრაობა "ლელოს" ლიდერის მამუკა ხაზარძის შეფასებით, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საპატრიარქოზე მიზანმიმართული შეტევაა. მთავარი არხის ეთერში ხაზარაძემ თქვა, რომ ნორმალურ ქვეყანაში მეუფე იაკობის განცხადებაზე სასწრაფოდ გამოძიებას დაიწყებდნენ.

"სინოდისგან ველოდები იმ გადაწყვეტილებას, რასაც მიიღებს, ეს მათი კომპეტენციაა. მე ველოდები მეტ ღიაობას, მეტ გახსნილობას, მეტ გამჭვირვალობას. ფაქტია, ბოლო წლებში, ისევე როგორც წინა ხელისუფლების დროს, ჩვენს ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, პატრიარქზე, მიდიოდა სხვადასხვა დონის შეტევები. ეს არის სტილი ბიძინა ივანიშვილის მმართველობის, რომ ყველა ავტორიტეტული ინსტიტუციის დისკრედიტაცია მოხდეს. თქვენ ვერ დამისახელებთ ინსტიტუტს, რომლის დისკრედიტაცია არ მომხდარა, ეს გახდა ბოლო წლების, ბოლო ათწლეულების სტილი პოლიტიკოსების, სადაც ისინი იერიშს მიიტანენ იმ ინსტიტუციაზე, რომელიც ამა თუ იმ რეიტინგით გამოირჩევა, ეს არის სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული აქცია, რადგან, ჩვენ ვართ ეკლესია, საპატრიარქო არ არის ეკლესია, ეკლესია არის სასულიერო დასის და მრევლის ერთობა, და ჩვენ გვაქვს სრული უფლება, ვიცოდეთ სიმართლე, როცა ასეთი განცხადება კეთდება, ნორმალურ ქვეყანაში, ნორმალურ სამართალდამცავ სიტუაციაში, სასწრაფოდ დაიწყებოდა გამოძიება.

არ შევდივარ დეტალებში, მაგრამ როცა მთავარი პროკურორი, მაღალი თანამდებობის პირები მაღალი სასულიერო პირის განცხადებას ბოდვას უწოდებენ, აქ მთავრდება მათი მოქალაქეობრივი ზნეობა და ეს არის პირდაპირი ნიშანი, რომ სამიზნედ აქვთ ამოღებული ეკლესია" - ამბობს ხაზარაძე.

ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა 26 ოქტომბერს თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ. ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი, პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ. გარდა ამისა, მეუფე იაკობი ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილთან, გიორგი გახარიასთან და ვახტანგ გომელაურთან შეხვედრისას მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ. ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

საქართველოს მთავარი პროკურორი ფიქრობს, რომ ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებაზე გამოძიება არ უნდა დაიწყოს. შალვა თადუმაძე აღნიშნავს, რომ ამ განცხადებაში დროის და მოვლენების ერთმანეთში აღრევაა და ინფორმაცია გონივრულობის სტანდარტს ვერ გადალახავს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები