ახალი წელი 2020

თბილისში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება - ამაღამ მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია

დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი იწყება. თბილისის მერიის ცნობით, ამაღამ, 00:00 საათიდან 07:00 საათამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გიორგი მიროტაძის ქუჩიდან - გიორგი სააკაძის მოედნამდე; ვახტანგ გორგასალის ქუჩაზე, ჰეიდარ ალიევის ბაღიდან - პეტრე ბაგრატიონის მოედნამდე; დავით გურამიშვილის გამზირზე - „კინო საქართველოდან“ - მეტროსადგურ „სარაჯიშვილამდე“ და ქეთევან წამებულის გამზირზე, ავლაბრის მოედნიდან - "ისნის“ მეტროსადგურამდე.

"სამუშაოებს თბილსერვის ჯგუფი ახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

ახალი წლისთვის, თბილისის მერია ჯამში 2.8 მილიონ ლარამდე დახარჯავს ნაძვის ხესა და განათებებში. მერია 1 250 000 ლარს გადაუხდის კომპანია IDO SRL-ს ქუჩების გასანათებელ მოწყობილობებსა და ელექტრონათურებში. ამას გარდა, მერიამ დამატებით 455 ათას ლარიანი კონტრაქტი გაუფორმა იგივე კომპანიას სხვა განათებებსა და ნათურებში.

ნაძვის ხეში კი ბიუჯეტიდან თითქმის მილიონი ლარი დაიხარჯება - მისი ღირებულება 305 ათასი ევრო იქნება.

IDO SRL იტალიური კომპანიაა და ერთადერთია, რომელიც ტენდერებში მონაწილეობდა.

კომენტარები