ძალადობრივი ჯგუფების აქცია

კოჟორიძე: დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის არა "ქართული მარში," არამედ "ქართული ოცნება"

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

"ნათელია, რომ დესტაბილიზაციის მთავარი წყარო არის არა "ქართული მარში", არამედ "ქართული ოცნება" - საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" წევრმა კახა კოჟორიძემ ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. კოჟორიძე ამბობს, რომ "ქართულ ოცნებას" არ აქვს არც ცოდნა, არც სახელმწიფოებრივი განცდა და არც სწორი მოქმედების უნარი, რომ აღკვეთოს და არ დაუშვას ძალადობა.

"მოძალადე ჯგუფების მრავალგზის წახალისება და დაუსჯელობა სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ გუშინდელი მოვლენების ორგანიზატორი სწორედ "ქართული ოცნებაა". ათასობით წლის წინ პირველი სახელმწიფოების შექმნასთან ერთად კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ძალის გამოყენების ექსკლუზიური უფლება უნდა ჰქონოდა მხოლოდ სახელმწიფოს და არცერთ სხვა ჯგუფს. "ქართული ოცნება" ამ აქსიომას ვერ იაზრებს 21-ე საუკუნეში, მიუხედავად იმისა, რომ მერვე წელია რაც ეს პოლიტიკური ძალა არის ხელისუფლებაში. ერთადერთი უნარი, რასაც ქართული ოცნების ხელისუფლება მსგავს სიტუაციებში ავლენს ხოლმე არის ახალი კრიზის შექმნის გზით არსებულის გადაფარვის მცდელობა" - თქვა კოჟორიძემ.

გუშინ "კინო" ამირანთან მოძალადე, ჰომოფობიურმა ჯგუფებმა აქცია გამართეს და ცდილობდნენ ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა ჩაეშალათ. 

კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ჩვენებაზე დაშავდა სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი, რომელსაც თვალთან ახლოს დიდი ზომის საგანი ესროლეს და ის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. სუბელიანს თვალთან 7 ნაკერი დაადეს. ამბობს, რომ ჭრილობები ღრმაა. 

ფილმის ჩვენების ჩაშლა ძალადობრივი ჯგუფების მიერ რამდენიმე დღით ადრე დაანონსდა. ფილმს განცხადებით საპატრიარქოც გამოეხმაურა, სადაც ეწერა, რომ ამ ფილმის ჩვენება მათთვის მიუღებელი იყო. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები