ერაყი

აშშ ერაყს ვადამდელი არჩევნების ჩატარებისაკენ მოუწოდებს

აშშ-ის საელჩო ბაღდადში
Time

ბაღდადში აშშ-ის საელჩომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ერაყის მთავრობას მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების შეწყვეტის, საარჩევნო რეფორმის გატარების და ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნისაკენ მოუწოდებენ.

"აშშ უერთდება ერაყში გაეროს მისიის მოწოდებას ერაყში მთავრობის მხრიდან მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტის, საარჩევნო რეფორმაზე პრეზიდენტ სალიჰის დაპირებების შესრულების და ვადამდელი არჩევნების ჩატარების თაობაზე." ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ერაყში საპროტესტო აქციები პირველ ოქტომბერს დაწყო. დაღუპულთა რიცხვმა 250-ს გადააჭარბა.

ერაყის მთავრობის მიერ შექმნილმა საგამოძიებო კომიტეტმა დაადგინა, რომ პროტესტის პირველ კვირაში უშიშროების ძალების მხრიდან ძალის გადამეტების გამო 149 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. შემთხვევების 70%-ში სიკვდილი თავისა და მკერდის არეში ცეცხლსასროლმა ჭრილობებმა გამოიწვია.

მთავრობამ უშიშროების ძალების ხელმძღვანელები დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ სროლის ბრძანება არ გაუციათ.

საპროტესტო გამოსვლები ერაყში სპონტანურად, პოლიტიკური ჯგუფების მხარდაჭერის გარეშე 1-ელ ოქტომბერს დაიწყო. პროტესტი ცხოვრების პირობების გაუარესებას, უმუშევრობას, კორუფციას და საჯარო სერვისების გაუმართაობას მოჰყვა. საპროტესტო აქციის მონაწილეთა დიდი ნაწილი ახალგაზრდა და დაუსაქმებელი მოქალაქეები არაინ. ისინი სამართალდამცავების გადამეტებული ძალის გამოყენებასაც აპროტესტებენ.

პრემიერმინისტრმა აბდელ აბდულ მაჰდიმ სატელევიზიო მიმართვაში თქვა, რომ მოსახლეობის იმედგაცრუება ესმის, თუმცა ერაყის პრობლემებისთვის მაგიური გამოსავალი არ არსებობს. მან რეფორმების გატარების პირობა დადო, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი მის სიტყვას არ ენდობა. 

ეს პირველი მსგავსი გამოცდაა პრემიერმინისტრ მაჰდისათვის, რომელიც შიიტურმა პარტიებმა გასულ წელს დანიშნეს.

ირანელი სასულიერო პირები არეულობაში აშშ-სა და ისრაელს ადანაშაულებენ.

კომენტარები