პროპორციული საარჩევნო სისტემა

7 დეპუტატის შემდეგ, ქართული ოცნება მარიამ ჯაშმაც დატოვა

პარლამენტი

ქართული ოცნების უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა, მარიამ ჯაშმა, დატოვა. უმრავლესობის დატოვების მიზეზად ჯაში პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდებას ასახელებს. 

მარიამ ჯაშმა ასევე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიც დატოვა. 

ჯაშის თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ ქართული ოცნების 93 დეპუტატის თანხმობითა და ხელმოწერით გუნდმა ქართულ საზოგადოებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობა მისცა, მისთვის ეს საკითხი პრინციპული მნიშვნელობის იყო. 

"თითქმის 3 საათი გავიდა კენჭისყრის შემდეგ, მე ეს დრო სპეციალურად გამოვიყენე იმისთვის, რომ არ ყოფილიყო ჩემი გადაწყვეტილება ემოციურ ფონზე მიღებული,"- თქვა მარიამ ჯაშმა. 

ცოტა ხნით ადრე ქართული ოცნება კიდევ 7-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის თამარ ჩუგოშვილმა, თამარ ხულორდავამ, ირინე ფრუიძემ, სოფიო ქაცარავამ, გიორგი მოსიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა და ზაზა ხუციშვილმა. 

ქართული ოცნების ნაწილმა მხარი არ დაუჭირა კონსტიტუციური კანონის პროექტს, რომლის მიხედვითაც, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტს მხარი მხოლოდ 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, რაც საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან კონსტიტუციური გადასინჯვისთვის პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4-ის ანუ 113 დეპუტატის ხმაა საჭირო. 

კანონის ჩაგდებით მმართველმა გუნდმა არ შეასრულა ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, მიერ 24 ივნისს დადებული პირობა, რასაც თავის მხრივ წინ უძღოდა მასშტაბური საპროტესტო აქციები, რის შედეგადაც რამდენიმე დღის განმავლობაში რუსთაველის გამზირი გადაკეტილი იყო. აქციების 3 ძირითადი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

მმართველმა გუნდმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის პროცესი სექტემბერში დაიწყო. ჩაატარა საყოველთაო სახალხო განხილვაც. ამ დროის განმავლობაში ქართულ ოცნების დეპუტატებს ამ საკონსტიტუციო ცვლილებაზე პროტესტი არ გამოუთქვამს.

კომენტარები