ბელარუსი

ბელარუსის საპარლამენტო არჩევნებში ლუკაშენკოს ოპოზიციამ ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა

ალექსანდრე ლუკაშენკო
Reuters

ბელარუსში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრე ლუკაშენკოს ოპოზიციამ ვერც ერთი ადგილი ვერ მოიპოვა.

ოფიციალური მონაცემებით არჩევნებში მონაწილეობა მოსახლეობის 77%-მა მიიღო.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტში შესვლა ორმა ოპოზიციონერმა მოახერხა. ეს ბოლო 20 წლის მანძილზე პირველი მსგავსი შემთხვევა იყო. არცერთ მათგანს უკანასკნელ არჩევნებში მონაწილეობის საშუალება არ მიეცა.

არჩევნების შედეგები რამდენიმე ასეულმა ადამიანმა გააპროტესტა. ოპოზიციის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ არჩევნების შედეგები წინასწარ იყო განსაზღვრული და მთავრობამ გადაწყვიტა ვინ მიიღებდა არჩევნებში მონაწილეობას და ვინ არა.

"ბელარუსში ძალაუფლების შეცვლა არჩევნების საშუალებით შეუძლებელია." თქვა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკოლაი სტატკევიჩმა.

ლუკაშენკო ქვეყანას 25 წელია მართავს. მან კვირას განაცხადა, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიიღებს მონაწილეობას. ლუკაშენკოს თქმით თუ მოსახლეობას მისი მმართველობა არ სურს შეუძლიათ ეს მომავალი წლის არჩევნებში დააფიქსირონ.

"მე პირობა დავდე, რომ ამ სკამს თითების ჩალურჯებამდე არ ჩავებღაუჭები. დამიჯერეთ, ყველაზე რბილი სკამი არაა." უთხრა მან ჟურნალისტებს.

აშშ-ში კი ამბობენ, რომ ბელარუსისათვის დაწესებული სანქციების მოხსნა 2019 და 2020 წლის არჩევნების წარმართვაზეა დამოკიდებული. სანქციები ქვეყანას პოლიტიკური ოპონენტების მიმართ მოპყრობისათვის დაუწესდა, თუმცა 2016 წელს პოლიტპატიმრების გათავისუფლების და სხვა რეფორმების შემდეგ ნაწილობრივ მოიხსნა.

კომენტარები