საქართველო-აშშ

ფიონა ჰილი: ვაღიარებთ, რომ საქართველოს და უკრაინას ბევრი პირობა მივეცით და არ შევასრულეთ

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დონალდ ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების ფარგლებში ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მრჩეველი რუსეთისა და ევროპის საკითხებში, ფიონა ჰილი წარსდგა. უკრაინისათვის სამხედრო დახმარების დაყოვნების და რუსეთის საკითხზე საუბრისას მან საქართველოზე და 2008 წლის აგვისტოს ომზეც ისაუბრა:

"ჩვენ ეს გამოცდილება წარსულშიც გვქონია. 2008 წელს რუსეთი თავს დაესხა საქართველოს. მაშინ ეროვნული დაზვერვის ოფიცერი ვიყავი. ჩვენ მთავრობის უმაღლესი ეშელონებისადმი მიწერილ არაერთ დოკუმენტში გავაფრთხილეთ, რომ ჩვენი რწმენით არსებობდა საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტის რეალური რისკი. ჩვენ მაშინ ისიც გვჯეროდა, რომ რუსეთი შესაძლოა თავს დასხმოდა უკრაინას. ეს იყო 2008 წელს, როდესაც საქართველოც და უკრაინაც NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღებას ცდილობდნენ და რუსეთი მათ ღიად ემუქრებოდა, რომ თუ NATO-ში გაწევრიანების მოთხოვნას გააგრძელებდნენ, ამას საპასუხო ქმედებები მოჰყვებოდა.

საქართველოზე თავდასხმისას პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს პირდაპირ უთხრა, და ეს საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებმა მითხრეს, "შენი დასავლელი მოკავშირეები, შენი დასავლელი პარტნიორები ბევრს დაგპირდნენ და არ შეასრულეს. მე დაგემუქრე და შევასრულე კიდეც." ჩვენ ვაღიარებთ, რომ საქართველოს და უკრაინას ამ პერიოდში ბევრი პირობა მივეცით და არ განვახორციელეთ.

პუტინი ყოველთვის ცდილობს იპოვოს რაიმე მინიშნება იმისა, რომ ჩვენ არ განვახორციელებთ ჩვენს დაპირებებს იმიტომ, რომ ის ყოველთვის შეასრულებს მუქარას, როგორც ეს გააკეთა კიდეც. ის დაემუქრა უკრაინას 2008 წელს და 2014 წელს, როდესაც უკრაინამ სცადა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფინალიზება, დაარტყა. თუმცა, ის ამას 2008 წლიდან იმუქრებოდა."

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, დემოკრატმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო გამოძიების დაწყება ოფიციალურად 24 სექტებერს გამოაცხადა.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა სკანდალი დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში შემდგარ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

სკანდალის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ამერიკულ მედიაში გავრცელდა და მალევე ტრამპმა თავად გამოაქვეყნა საუბრის ტრანსკრიპტი. როგორც ტრანსკიპტიდან ირკვევა, ის ზელენსკის აშშ-ის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის და ამჟამად დემოკრატიული პარტიიდან პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, ჯო ბაიდენის და მისი ვაჟის, ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების წარმოებაში დახმარებას სთხოვს. ტრამპი ირწმუნება, რომ ამაში უკანონო არაფერი ყოფილა.

მიუხედავად ტრამპის მხრიდან კატეგორიული უარყოფისა, ფაქტი, რომ მან საუბრამდე მცირე ხნით ადრე უკრაინისათვის სამხედრო დამხარების შეჩერება ითხოვა, ხოლო ზელენსკის მიერ ამ თემის წამოწევის შემდეგ საუბარი ბაიდენების წინააღმდეგ გამოძიებაზე გადაიტანა, ამერიკელი პოლიტიკოსების ნაწილს შანტაჟის მტკიცებულებად მიაჩნიათ.

ტრამპის წინააღმდეგ მიმდინარე საიმპიჩმენტო გამოძიების და იმპიჩმენტის პროცედურების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები