25 ნოემბრის აქციის დაშლა

ოქრიაშვილი: თუ პროცესები ამგვარად გაგრძელდება, დასრულდება რიგგარეშე არჩევნებით

წალკისა და დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, რომელიც ერთ-ერთი იყო, ვინც პროპორციულ საარჩევნო სისტემას მხარი არ დაუჭირა, ამბობს, რომ თუ დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობა კვლავ გაგრძელდება, ეს პროცესი რიგგარეშე არჩევნებით დასრულდება.

ჟურნალისტების კითხვას, რამდენად გადაუდებელი იყო დილის 5 საათზე აქციის დაშლა, ოქრიაშვილი ასე პასუხობს: 

"მე ვარ დეპუტატი და არა შსს-ს წარმომადგენელი. ეს კითხვა დაუსვით მათ. მე ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს ქმედებებზე, ხმას ვუჭერ მაჟორიტარულ სისტემას, საპრეზიდენტო მმართველობას. მე პასუხისმგებელი ვარ მხოლოდ ჩემს ხედვებზე" - აღნიშნავს ოქრიაშვილი.  

აქციაზე, რომლის დარბევაც დილის 5 საათზე დაიწყო, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა. ამ დროისათვის ტემპერატურა -1 გრადუსს შეადგენდა.

წყლის ჭავლმა თვალი დაუზიანა აქციის ერთ-ერთ მონაწილეს, ზაზა ლიპარტიას.

"იმდენად მოულოდნელი იყო ეს ჩემთვის, მეგონა "დუბინკა" [ხელკეტი] ჩამარტყეს, მერე გავიგე რომ წყლის ჭავლი იყო," - ამბობს დაზარალებული ჟურნალისტებთან საუბრისას.

ოფიციალური ინფორმაცით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დაშლის დროს სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორისაა მთავარი არხის ჟურნალისტი. 

აქციაზე დააკავეს 28 ადამიანი. მიუხედავად იმისა, რომ აქციის მონაწილეებს კანონი არ დაურღვევიათ და მათ გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარებზე გადაინაცვლეს, სპეცრაზმელებმა მოქალაქეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი მაინც გამოიყენეს.

აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელების პიკეტირებას გეგმავდნენ, რათა დეპუტატები პლენარულ სხდომაზე არ შეეშვათ. ახლა ყველა შესასვლელი სპეცრაზმს აქვს დაკავებული.

დემონსტრანტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან. მათი მოთხოვნა უცვლელია - ბიძინა ივანიშვილმა შეასრულოს 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს. ისინი ხელისუფლებას გერმანულ მოდელს სთავაზობენ.

კომენტარები