აშშ

აშშ-ში სამი კაცი 36-წლიანი პატიმრობის შემდეგ გაამართლეს და გაათავისუფლეს

CNN

აშშ-ის ქალაქ ბალტიმორში სამი პირი, ალფრედ ჩესთნათი, რენსომ უოტკინსი და ენდრიუ სტიუარდი ციხეში 36 წლის გატარების შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს და გაათავისუფლეს.

ისინი 1983 წელს მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. მაშინ ორი მათგანი 16 წლის იყო, ხოლო ერთი 17.

მათ ბრალად ქურთუკის გამო კოლეჯის 14 წლის სტუდენტის მკვლელობა ედებოდათ. ამ დრომდე მათ შეწყალებაზე კომისია უარს ამბობდა, რადგან დანაშაულს არ აღიარებდნენ.

გასულ წელს საქმეში გაჩნდა ახალი მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდა, რომ მკვლელობა მათ არ ჩაუდენიათ.

მკვლელობამდე მცირე ხნით ადრე სამივე მათგანი კოლეჯის დაცვამ გააძევა. მოგვიანებით ჩესთნათის სახლში მოკლულის მსგავსი ქურთუკი აღმოაჩინეს. მიუხედავად იმისა, რომ ქურთუკზე სისხლის კვალი არ აღმოჩნდა, ხოლო ბრალდებულის დედამ ქურთუკის ყიდვის დამადასტურებელი ჩეკი წარმოადგინა, სასამართლომ ისინი დამნაშავედ ცნო.

როგორც ცოტა ხნის წინ გაირკვა, საქმეში იყო ანონიმური ზარი, რომელშიც საუბარი იყო რეალურ მკვლელზე, რომელიც მკვლელობის შემდეგ მოკლულის ქურთუკით დააფიქსირეს. ეს პირი უკვე გარდაცვლილია. ანონიმური ზარის შესახებ ინფორმაცია დაცვის მხარეს არ ჰქონია.

გარდა ამისა, არასრულწლოვნების დაკითხვაზე დასწრების უფლება მათ მეურვეებს არ მისცეს, ხოლო მოწმეები ერთად დაკითხეს და მიუთითეს, რომ ჩვენებები შეეთანხმებინათ.

ამჟამად მერილენდში მსგავსი შემთხვევებისათვის კომპენსაციის სისტემა არ არსებობს. ადვოკატი, რომელიც დაკავებულების გამართლებაში მონაწილეობდა ამბობს, რომ აპირებს მოითხოვოს კომპენსაციის სისტემის შემოღება და არასრულწლოვნების დაკითხვისას მეურვეების დასწრების დაკანონება.

კომენტარები