თბილისის მერია

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია გაზაფხულზე მთლიანად დასრულდება

თბილისის მერია

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება. მიმდინარე პროექტებსა და 2020 წლის ინფრასტრუქტურულ გეგმებზე კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, გაზაფხულზე დამთავრდება მარშალ გელოვანისა და მაჭავარიანის დამაკავშირებელი გზა, საკმაოდ ვითარდება არსებული ტერუტორია, მისასვლელი გზების პრობლემა გვაქვს და დავიწყეთ ეს სამუშაოები. ბეტონის გზა მოეწყობა და გაზაფხულზე დამთავრდება. ასევე, დაწყებული გვაქვს ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელიც უახლოეს მომავალში, გაზაფხულზე, მთლიანად თავისი გამწვანებითი სამუშაოებით, ახალი განათების ბოძებით მთლიანად დამთავრდება" - თქვა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციითვე, 2020 წელს რამდენიმე დიდი გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება.

"ვაპირებთ საბურთალოს და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის პროექტის განხორციელებას. ასევე წერეთლის, ვაჟა-ფშაველას, ქეთევან წამებულის გამზირების სრულ რეაბილიტაციას. აქაც ანალოგიური მიდგომა და დამოკიდებულება გვექნება, როგორც ჭავჭავაძის გამზირზე, როგორც ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე, გლდანში. მთლიანად მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, წყლის სისტემები, შეიცვლება გაზის მილები. აქაც გამწვანება თავიდან განახლდება და დარწმუნებული ვარ, ეს გამზირებიც იქნება ისეთი ლამაზი და კეთილმოწყობილი, როგორც ეს სხვა შემთხვევაში გვქონდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები