აშშ-თურქეთის ურთიერთობა

ამერიკა-თურქეთის კრიზისი: რა გავლენა აქვს საქართველოზე ორ ქვეყანას შორის დაპირისპირებას?

ირინა არაბიძე
0 კომენტარი

ამერიკა-თურქეთის კრიზისი

როგორც დასავლური მედია იტყობინება, თურქეთმა ახლახანს შეძენილი რუსული საჰაერო თავდაცვის S-400-ის ტიპის სისტემა ამერიკული მოიერიშე თვითმფრინავი F-16-ის გამოყენებით გამოსცადა. თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენას ორ ქვეყანას შორის დიდი დაძაბულობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ პერიოდში ამერიკა-თურქეთის ურთერთობა საგრძნობლად გაფუჭდა. ბოლო ესკალაცია ამერიკის მოკავშირე სირიელი ქურთების წინააღმდეგ თურქეთის მიერ განხორციელებულ იერიშს მოჰყვა. ორმხრივ ურთიერთობაში ეს დაძაბულობის მხოლოდ ახალი კერაა. მანამდე, ორ ქვეყანას შორის კონფლიქტი ამერიკელი პასტორის ენდრიუ ბრანსონის დაპატიმრებას და ამერიკაში მცხოვრები პოლიტიკური და რელიგიური ლიდერის ფატულა გულენის თურქეთისთვის გადაცემის მოთხოვნას უკავშირდებოდა.

რა ამოძრავებს თურქეთს?

ცივი ომის დროს საბჭოთა კავშირიდან მომავალი საფთხე ამერიკა-თურქეთის ურთიერთობაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. ეს პარტნიორობა არც მაშინ იყო უპრობლემო, მაგრამ ამერიკა მტკიცედ იდგა ევროპისა და თურქეთის უსაფრთხოების სადარაჯოზე და ევროპაში უპრეცედენტოდ დიდი სამხედრო კონტიგენტი ყავდა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამერიკამ ნატოს გაფართოების მიუხედავად, ევროპაში დისლოცირებული ჯარების უმეტესობა კონტინენტიდან გაიყვანა. 1990-იან წლებში ბევრს მიაჩნდა, რომ ლიბერალურმა დემოკრატიამ ბუნებრივად გაიმარჯვა ავტორიტარულ მოდელზე და რომ რეგიონის სახელმწიფოების ტრანსფორმაცია შეუქცევადი პროცესი იყო.

დროსთან ერთად გამოჩნდა, რომ ეს მოსაზრება მეტწილად მცდარი იყო. 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ ამერიკა ავღანეთსა და ერაყში გრძელვადიან ომში ჩაება. ამ პროცესების ფონზე, თურქეთისთვის განსაკუთრებით მტკივნეული გახდა ქურთული სეპარატიზმის თემა და რეგიონში ქურთული სახელმწიფოს შექმნის საფრთხე. თურქეთი წლებია თვლის რომ ამერიკა ქურთებთან მიმართებაში თურქეთის ინტერესების საპირისპირო პოლიტიკას ატარებს. ჯერ კიდევ 1991 წლის სპარსეთის ყურის ომის დროს, ისევე როგორც ავღანეთში და ერაყში ხანგრძლევი ომების წარმოებისას, ამერიკამ არაერთხელ იპოვა დასაყრდენი ქურთებში, რასაც თურქეთი ეგზისტენციალურ საფრთხედ აღიქვამს.

დროსთან ერთად ამ მოვლენებს თან დაერთო ამერიკის რეგიონიდან ეტაპობრივად გასვლის პოლიტიკა, რამაც თურქეთს უფრო აქტიური როლის მორგებისკენ უბიძგა. მაგალითად, ამერიკის ყოფილმა პრეზიდენმა ბარაკ ობამამ ირანთან და რუსეთთან ურთერთობის ისეთი ფორმატის შემუშავება სცადა, რომლის მეშვეობითაც რეგიონის გავლენიანი სახელმწიფოები მეტ პასუხისმგებლობას აიღებდნენ ადგილობრივ უსაფრთხოებაზე. ასევე, ობამამ პრიორიტეტად “აზიისკენ შემობრუნება” გამოაცხადა, რამაც ცივი ომის დროინდელ ტრადიციულ მოკავშირეებში ამერიკის ჩართულობის შესუსტების შიში გააჩინა. ამერიკის ამჟამინდელ პრეზიდენტს დონალდ ტრამპსაც მსგავსი ხედვები ამოძრავებს. იგი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამერიკის მიერ ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვის აუცილებლობას და მიაჩნია, რომ დროა ახლო აღმოსავლეთში “სხვამ იომოს ამ სისხლით მორწყული ქვიშისთვის”. ასევე აღსანიშნავია, რომ ტრამპის ამ განცხადებებს და ამერიკის როლის მნიშვნელოვნად შეკვეცას სირიაში წინ უსწრებდა ამერიკის ჩართულობის ეტაპობრივი შემცირება ავღანეთში და ამერიკის ჯარების გასვლა ერაყიდან. ამან ირანს თავისუფალი მოქმედების საშუალება მისცა და რუსეთი წამყვანი მოთამაშის როლში დააბრუნა რეგიონში.

თურქეთი ხედავს რომ ამერიკის რეგიონის მიმართ ინტერესის შემცირებასთან ერთად შესაძლოა ირანთან, რუსეთთან და არაბულ სახელმწიფოებთან მარტო დარჩეს და იცის რომ არ შესწევს ძალა ეს ქვეყნები დამოუკიდებლად დააბალანსოს. შესაბამისად, თურქეთი ცდილობს ამერიკის ტრადიციულ მოწინააღმდეგეებთან - რუსეთთან და ჩინეთთან - საერთო ენა გამონახოს. ამასთან, დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის ფორმირების პროცესში, თურქეთი ახლო აღმოსავლეთში ამერიკის მთავარ მოკავშირეებს - არაბულ სახელმწიფოებს და ისრაელს უპირისპირდება. როგორც ავტორი აარონ სტაინი წერს, თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ქმედებები თურქეთის მიერ მსოფლიო ძალთა ბალანსის მისეული ხედვით არის განპირობებული.

თურქეთის უსაფრთხოების დილემას ისიც ამძაფრებს, რომ ირანი ბირთვული იარაღის შექმნაზე მუშაობს, რაც მას რეგიონში უპირობო ლიდერის სტატუსს შესძენს და ატომური იარაღისკენ სწრაფვის რეგიონულ შეჯიბრს გაამძაფრებს. ირანი და თურქეთი ისტორიულად დაპირისპირებული სახლემწიფოები არიან. ირანი დღესაც ცდილობს ხმელთაშუა ზღვაზე გასასვლელის მოპოვებას და შიიტური სარტყელის შეკვრას, რაც თურქეთისთვის მეტად პრობლემურია. მიუხედავად რუსეთთან ბოლო დროს დამთბარი ურთერთობებისა, თურქეთსა და რუსეთსაც უმეტესწილად საპირისპირო ინტერესები ამოძრავებთ (მათ შორის ბალკანეთში, სამხრეთ კავკასიაში და შავ ზღვაზე). შესაბამისად, ამერიკის როლის შემცირებასთან ერთად, თურქეთი ჩინეთთან ურთერთობის კულტივირებას ცდილობს, მაგრამ არც იქ აქვს მყარი გარანტია, რომ რუსეთთან და ირანთან ურთიერთობაში ჩინეთი მის ინტერესებს გაატარებს.

რატომ არის ამერიკა-თურქეთის ურთიერთობის გაუარესება პრობლემური საქართველოსთვის?

ამერიკის სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე

ამერიკის სანქციებს თურქეთის ეკონომიკაზე ნეგატიური გავლენა აქვს, რაც საქართველოზეც აისახება. გასულ წელს, თურქეთმა დესტაბილიზაციის მცდელობის ბრალდებით ამერიკელი პასტორი დააკავა, რის პასუხადაც ამერიკის მიერ თურქეთისთვის დაწესებულმა საქნციებმა თურქული ლირა გააუფასურა. ქვეყნის ეკონომიკაში შექმნილი სერიოზული პრობლემების გამო თურქეთი იძულებული გახდა ამერიკელი პასტორის განთავისუფლების გადაწყვეტილება მიეღო. თურქეთის მიერ სირიელი ქურთების წინააღმდეგ ოქტომბერში დაწყებული სამხედრო ოპერაციის პახუხად ამერიკამ კვლავ დაუწესა სანქციები თურქეთს. ამერიკასთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ სანქციები მალევე გაუქმდა. შედეგად, თურქეთის პრეზიდენტი ამერიკას ეწვია და ტრამპთან მოლაპარაკებებიც გამართა, მაგრამ ორ ქვეყანას შორის არსებული დაძაბული ურთერთობების ფონზე სანქციების განახლების ალბათობა რჩება.

ამერიკის პრეზიდენტის ერთ-ერთი წამყვანი ხისტი ძალის ბერკეტი ხშირად ეკონომიკას უკავშირდება. როგორც აღვნიშნეთ, ტრამპმა ეს ბერკეტი თურქეთზე უკვე გამოსცადა და სავარაუდოა, რომ ხელახალი ესკალაციის შემთხვევაში იგი ისევ იგივე ხერხს მიმართავს. სირიელ ქურთებთან დაკავშირებული კრიზისის ფონზე ტრამპი თურქეთს დაემუქრა კიდეც, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში მის ეკონომიკას გაანადგურებდა.

თურქეთში ეკონომიკურ რყევებს საქართველოზე პირდაპირი გავლენა აქვს. 2019 წლის იანვარი-სექტემბრის მონაცემებით, 1.3 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება. ეს პოზიცია თურქეთს წლებია უკავია. ლირას გაუფასურება თურქეთიდან ექსპორტს კიდევ უფრო ახალისებს, რადგან ადგილობრივ ბაზარზე პროდუქცია იაფდება, მაშინ როდესაც საქართველოდან გატანილ პროდუქციაში მიღბული შემოსავალი მცირდება. უარყოფითი სავაჭრო ბალანსის პირობებში (უფრო მეტი პროდუქციის იმპორტი ვიდრე ექსპორტზე გატანა), მნიშვნელოვანია ქვეყანაში ჯამური ინვესტიცია მაღალი იყოს, რათა ეს დისბალანსი არასტაბილურობის საბაბი არ გახდეს. ამჟამად ქვეყანაში არ შემოდის საკმარისი პირდაპირი უცხოური ინვესტია, რაც სწრაფი ეკონომიკური ზრდის გარანტი იქნება. ამასთან, საქართველოში ჯამურ ინვესტიციებში წამყვანი ადგილი ფულად გადმორიცხვებს, ტურიზმს და უცხოურ კრედიტებს უკავია, სადაც თურქეთი ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია. საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების მიხედვით, თურქეთი 2012-2019 წლის მონაცემებით პირველ ექვსეულშია. თურქული ლირას გაუფასურება მოქმედებს როგორც გადმორიცხული გზავნილების მოცულობაზე, ასევე იმ საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც თურქეთში არიან დასაქმებული და თანხას საქართველოში რიცხავენ.

თურქეთში ეკონომიკური რყევები განსაკუთრებით მტკივნეულია იმ პირობებში როდესაც საქართველოს ეკონომიკა არ არის დივერსიფიცირებული და დიდწილად დამოკიდებულია ერთეულ სექტორებზე და ქვეყნებზე - მათ შორის მეტად პრობლემურად რუსეთზე.

ნატოსთან ურთიერთობა

თურქეთი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრი 1952 წელს გახდა და ცივი ომის დროს ამერიკის მტკიცე მოკავშირედ ითვლებოდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკა-თურქეთის უსაფრთხოების ინტერესები უფრო ცხადად გაიყო. თურქეთსა და ნატოს შორის არსებული დაძაბულობა საქართველოს უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება. თურქეთი ერთადერთი ნატოს წევრი სახელმწიფოა რომელთანაც საქართველოს სახმელეთო საზღვარი აქვს. ნატოში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანია თურქეთი მყარად დარჩეს დასავლურ ალიანსში. არაპროგნოზირებადი თურქეთი საფრთხეა როგორც საქართველოს ასევე რეგიონული უსაფრთხოებისთვის.

თურქეთის ქმედებებით გამოწვეული ნატოს დასუსტების ალბათობა ბევრ დასავლელ მკვლევარს აწუხებს. რეგიონში ამერიკის როლის შესუსტებასთან ერთად, თურქეთს ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკის ფორმირების პროცესში უფრო მეტი გავლენის მოპოვება სურს და ამერიკის პოლიტიკას ეწინააღმდეგება. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთს ალტერნატიულ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ აქვს, ყოფილი რუსი დიპლომატის სიტყვები რომ გამოვიყენოთ, “რუსეთის ინტერესებს ის უფრო ემსახურება, რომ შეურაცხყოფილი თურქეთი ნატოს შიგნით დარჩეს და ალიანსის შესაძლებლობებს ზიანი მიაყენოს.”

შავი ზღვის უსაფრთხოება

შავ ზღვაზე რუსეთი და თურქეთი კონკურენტებად რჩებიან, მაგრამ თანხმდებიან იმაზე, რომ აქ დასავლეთის გავლენა არ უნდა გაძლიერდეს. რუსული აგრესიის პასუხად, საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამერიკა აქტიურად იყოს ჩართული რეგიონული უსაფრთხოების დაცვის საქმეში და ამერიკული გემები მუდმივად პატრულირებდნენ შავი ზღვის წყლებში.

ნატოს გაფართოების შედეგად, შავ ზღვაზე გასასვლელი თურქეთის გარდა, ნატოს წევრ ორ ქვეყანას - ბულგარეთს და რუმინეთს აქვს. რუმინეთი დიდი ხანია ითხოვს ნატოს გააქტიურებას და 2016 წელს ნატოს შავი ზღვის ფლოტის შექმნის იდეითაც გამოვიდა. რუმინეთისგან განსხვავებით, თურქეთი მხარს არ უჭერს დასავლეთის შავ ზღვაზე მუდმივ ოპერირებას და რუსეთისგან მომეტებული საფრთხის პირობებშიც კი რადიკალური ნაბიჯების გადადგმას ერიდება. გამონაკლისის სახით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის ფონზე, 2016 წელს ერდოღანმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ შავი ზღვა რუსულ ტბად გადაქცევის საფრთხის წინაშე იდგა. მიუხედავად ამისა, თურქეთი ნატოს ძალების აქ განლაგების აქტიური მომხრე არ არის.

შავ ზღვაზე ძალთა ბალანსის რეგულირების საშუალებას თურქეთს 1936 წელს გაფორმებული მონტროს კონვენცია აძლევს. კონვენციის თანახმად, შავ ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების სამხედრო გემებს ზღვაში შესვლასა და გაჩერებაზე შეზღუდვები აქვთ დაწესებული. მაგალითად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, თურქეთმა ამერიკულ ხომალდებს შავი ზღვის აკვატორიაში შესვლის ნებართვა თავდაპირველად არ მისცა, რადგან გემები მონტროს კონვენციით დაშვებულ პარამეტრებში არ ჯდებოდნენ. გემებს საქართველოში ჰუმანიტარული ტვირთი უნდა ჩამოეტანათ. მაშინ ამერიკამ მაინც გამოგზავნა სამი ხომალდი, მაგრამ მას შემდეგ რაც ისინი ჩაანაცვლა იმ კატეგორიის სამხედრო გემებით, რომლებიც კონვენციით განსაზღვული საერთო ტონაჟის ლიმიტში ჯდებოდნენ.

ამერიკასთან დაძაბული ურთერთობების ფონზე თურქეთმა შესაძლოა ამერიკის ხომალდების შავ ზღვაში ყოფნას პრობლემები შეუქმნას. ამერიკული გემებისთვის შავ ზღვაში ოპერირების შეზღუდვას საქართველოს უსაფრთხოებაზე პირდაპირი ნეგატიური გავლენა აქვს.

რუსეთთან ურთიერთობა

საქართველოსთვის ასევე პრობლემურია რუსეთ-თურქეთის სამხედრო, პოლიტიკური და ენერგოპროექტებთან დაკავშირებული თანამშრომლობა.

პოლიტიკური თანამშრომლობა

თურქეთი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე დასავლეთთან მჭიდრო თანამშრომლობის ნაცვლად ხშირად რუსეთის დაბალანსებას ადგილობრივი ინიციატივებით ამჯობინებს, რაც საქართველოსთვის არასასურველია.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერდოღანი კავკასიის სტაბილურობისა და თანამშრომლობის პლატფორმის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, სადაც 3+2 ფორმატით საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და თურქეთი უნდა ჩართულიყვნენ. ეს ინიციატივა ავტომატურად გამორიცხავდა პროცესში დასავლეთის მონაწილეობას და ინტერესთა კონფლიქტის გამო ქმედით ინსტრუნეტად ვერ იქცა. თურქეთი ასევე არ შეუერთდა უკრაინაში განხორციელებული აგრესიის პასუხად რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს და როგორც უკვე ვახსენეთ, შავ ზღვაზე რუსეთის გააქტიურების ფონზეც კი თავს არიდებს რეგიონში ნატოს საზღვაო ძალების გაძლიერებას. ამერიკა-თურქეთს შორის არსებული დაძაბულობის ფონზე ქვეყანას კიდევ უფრო ნაკლები მოტივაცია ექნება დასავლეთს რეგიონული უსაფრთხოების თემებზე ესაუბროს.

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამერიკა რეგიონული უსაფრთხოების საკითხების დარეგულირების აქტიური მონაწილე იყოს და მოლაპარაკებების მაგიდასთან დასავლელ პარტნიორებთან ერთად იცავდეს საკუთარ ინტერესებს. თურქეთი რუსეთის დასაბალანსებლად ადგილობრივ ინიციატივებს ამჯობინებს, რაც რუსეთისთვისაც ხელსაყრელია. დასავლეთთან კონფლიქტის შემთხვევაში თურქეთმა შესაძლოა ამერიკის ჩართულობას დამატებითი დაბრკოლებები შეუქმნას, რაც საქართველოსთვის ერთმნიშვნელოვნად წამგებიანია.

სამხედრო თანამშრომლობა

თურქეთს დასავლეთი უალტერნატივო პარტნიორად აღარ მიაჩნია, რაზეც თურქეთის რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაც მიანიშნებს. ამერიკის მრავალი გაფრთხილების მიუხედავად თურქეთმა წელს რუსეთისგან S-400-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის გადაწყვეტილება მიიღო. ამის პასუხად ამერიკამ უარი თქვა თურქეთისთვის F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების მიყიდვაზე და თურქეთი F-35-ის წარმოების მულტინაციონალური პროგრამიდან გარიცხა. ავტორი აარონ სტაინი წერს, რომ რუსეთისაგან იარაღის შეძენა თურქეთს ამერიკის პოტენციური სანქციების საფრთხისგან ათავისუფლებს და მესამე ქვეყნებში სამხედრო ტექნიკის ექსპორტზე შეზღუდვებს უხსნის, რაც ამჟამად ამერიკულ შეიარაღებაზე ვრცელდება. პოზიციების შესარბილებლად, თურქეთმა პატრიოტის ტიპის ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის სურვილი გამოთქვა, თუმცა ქვეყანა კვლავ უარს ამბობს რუსული S-400-ის დათმობაზე. მეტიც, თურქეთი იმუქრება, რომ თუ ამერიკა F-35-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე პოზიციას არ შეცვლის, თურქეთი რუსულ SU-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებს შეიძენს.

მიუხედავად თურქეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯებისა, ამერიკა-თურქეთის სამხედრო თანამშრომლობა მრავალ წელს ითვლის და თურქეთის დამოკიდებულება ამერიკაზე დიდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია წვრთნის, ტრენინგების, სამხედრო ტექნიკის შესყიდვის, საერთო წარმოების და ტექნოლოგიის გაზიარების კომპონენტები. თურქეთს ამერიკის ჩანაცვლება როგორც მოკლე ასევე გრძელვადიან პერიოდში გაუჭირდება. შესაბამისად, ამერიკას ძლიერი ბერკეტები გააჩნია, რომლებიც ურთერთობის გაუარესების შემთხვევაში შეუძლია თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენოს.

ამასთან, რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა გამორიცხავს ამერიკის უახლესი ტექნიკის და საჰაერო თავდაცვის საშუალებების თურქეთში განთავსებას. უფრო მეტიც, რუსული S-400-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენა თურქეთს ამერიკის სანქციების სამიზნედ აქცევს, რადგან ეს ნაბიჯი ამერიკის კონგრესის მიერ 2017 წელს მიღებულ მტრული სახელმწიფოებისთვის წინააღმდეგობის გაწევის აქტს (CAATSA) პირდაპირ არღვევს. მაშინ როდესაც საქართველო დასავლურ უსაფრთხოების სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ მიისწრაფვის, ამერიკა-თურქეთს შორის მსგავსი კონფრონტაცია და ჩვენ რეგიონში ნატოსთან თავსებადი სამხედრო ტექნიკის რუსულით ჩანაცვლება საქართველოს უსაფრთხოებისთვის მეტად პრობლემურია.

ენერგოპროექტები

რეგიონული ენერგოპოლიტიკის ფორმირების პროცესში საქართველოს ორი ძირითადი ინტერესი აქვს. ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჩართული იყოს რუსეთის გვერდის ავლით დაგეგმილი ენერგოპროექტების სქემაში, რაც ეკონომიკური სარგებელის გარდა პირდაპირ პასუხობს უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის აუცილებელ მეორე მიზანს - ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებას. მსგავსი პროექტები ხელს უწყობს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის ზრდას და რუსეთს ართმევს ენერგოშანტაჟის იმ ბერკეტს, რომლითაც ქვეყანა ასე ხშირად სარგებლობს. რუსეთ-თურქეთის ენერგოთანამშრობლობა ამ მიზნის საპირისპიროდ მოქმედებს, რადგან ალტერნატივების შექმნის ნაცვლად თურქეთი ევროპისკენ მიმავალი რუსული ენერგომატარებლების გამტარი ხდება.

დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე თურქეთმა შესაძლოა რუსეთთან ენერგოთანამშრომლობა კიდევ უფრო გაააქტიუროს. შარშან რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ერდოღანმა თურქეთის ნაკადის (Turkstream) გაზსადენის პირველი სეგმენტის დასრულება ოფიციალური ცერემონიით აღნიშნეს. ეს გაზსადენი რუსეთს თურქეთის გავლით ევროპასთან აკავშირებს და რუსეთს საშუალებას აძლევს უკრაინაზე გაზის ტრანზიტის მოცულობა შეამციროს, რაც რუსეთის პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება. გაზსადენის პირველი მონაკვეთი უკვე 2020 წლიდან მიაწვდის გაზს თურქეთს, ხოლო რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის თქმით, მეორე ნაწილი სრულად 2022-ში დასრულდება. პროექტის მიხედვით, რუსეთი თურქეთის გავლით ბულგარეთის, სერბეთის და უნგრეთის მეშვეობით დაუკავშირდება დანარჩენ ევროპას. რუსეთი ამ გაზსადენით თურქეთის და ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებას ზრდის, რაც საქართველოსთვის წამგებიანია.

თურქსტრიმის ახალ პროექტთან ერთად, რუსეთსა და თურქეთს ბლუსტრიმის (Blue Stream) გაზსადენიც აკავშირებთ, რომელიც 1990-იან წლებში შავ ზღვაზე აშენდა. 2006 წელს პუტინმა ბლუსტრიმი 2-ის პროექტის იდეაც წამოაყენა, რომლითაც ნაბუკოს (Nabucco) ალტერნატიული პროექტის ჩიხში შეყვანა ჰქონდა განზრახული. მოგვიანებით, რუსეთმა პროექტი შეცვალა და თურქეთის გავლით სირიის, ლიბანის, ისრაელის და კვიპროსისთვის სურდა გაზის მიწოდება. ბლუსტრიმ 2-ის ინიციატივა არ განხორციელებულა, მაგრამ თუ რუსეთი ამ მიმართულებით კვლავ გააქტიურდება და თურქეთის მხარდაჭერას მოიპოვებს, ეს რუსეთის გავლენის გაფართოებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ თურქეთის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულება დიდია, რადგან ქვეყანას საჭირო გაზის ნახევარზე მეტი რუსეთიდან შემოაქვს და ელექტროენერგიის თითქმის ნახევარს გაზის მეშვეობით გამოიმუშავებს. ენერგოთანამშრომლობის შენარჩუნება ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის, მაგრამ თურქეთის რუსეთზე დამოკიდებულება მას მეტად მოწყვლადს ხდის. რუსეთისთვის თურქეთი მნიშვნელოვანი გასაღების ბაზრი და სახმელეთო ხიდია, ხოლო თურქეთისთვის რუსეთი წამყვანი ენერგომომწოდებელია.

არსებობს ალტერნატიული პროექტები, რომლებსაც საქართველოსთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს და თურქეთის ჩართულობის გარეშე ვერ განხორციელდება. ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP), რომელიც გაზს აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპას აწვდის 2018 წელს ამოქმედდა. ახლა უმნიშვნელოვანესია ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტის სისრულეში მოყვანა, რომელიც ცენტრალური აზიიდან გაზს კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, საქართველოს და თურქეთის გავლით ევროპას მიაწვდის. თურქეთი ამ პროექტში საკვანძო სატრანზიტო ქვეყანაა. დასავლეთთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, შესაძლოა თურქეთი რუსეთის ზეწოლის ქვეშ მოექცეს და პროექტს მხარი აქტიურად აღარ დაუჭიროს. ეს პროექტი როგორც თურქეთის ასევე ევროპის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების ერთ-ერთი გასაღებია და მისი დროულად განხორციელება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

შეჯამება

როგორც პელოპონესის ომის ისტორიაში თუკიდიდე წერს “როდესაც ადამიანს ართმევენ თავისუფლებას, ის მართალია როდესაც ადანაშაულებს არა იმდენად მას ვინც ბორკილებს ადებს, არამეს მას ვისაც ჰქონდა ამის აღკვეთის ძალა და ეს ძალა არ გამოიყენა.”

არსებული არასახარბიელო გეოპოლიტიკური რეალობა გვიჩვენებს, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის შესანარჩულებლად აუცილებელია სრულად ვიყოთ ფოკუსირებული საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვაზე. ეს გულისხმობს როგორც დასავლეთთან ინტეგრაციისთვის დაუღალავ შრომას, ასევე ქვეყნის ეკონომიკის ზრდას და დემოკრატიული მმართველობის უპირობო პრიორიტეტად გამოცხადებას. საქართველოს გეოპოლიტიკური გარემო ახლო მომავალში არ შეიცვლება, მაგრამ ვერც ჩვენ თავისუფლებას დაადებენ ბორკილებს თუ იმ ძალას რაც პროგრესის მისაღწევად გვჭირდება ჩვენ თავში ვიპოვით.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლაშა ბუღაძე

კომენტარები