ლიბერალი

ფინანსური პრობლემების გამო ლიბერალი, რომელიც ივნისში გუნდმა დატოვა, შესაძლოა, დაიხუროს

შორენა შავერდაშვილი
შავერდაშვილის facebook გვერდი

ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა ონლაინ-გამოცემა "ლიბერალი" დაიხუროს. ვებგვერდზე ინფორმაცია 29 ნოემბრის შემდეგ არ განახლებულა. 

ფორმულა ლიბერალის დამფუძნებელს, შორენა შავერდაშვილს, ესაუბრა, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე მისი მხრიდან რაიმე კომენტარის გაკეთება მართებული არ იქნება, რადგან ლიბერალის გუნდი ჩამოყალიბების ეტაპზეა. 

"ამ წუთას არანაირად არაა გადაწყვეტილი, როგორ ვაგრძელებთ მუშაობას და რას ვაკეთებთ. ამიტომ, ნებისმიერი ტიპის ინფორმაცია, იქნება სრულიად უადგილო,"- ამბობს შავერდაშვილი სატელეფონო კომენტარში. 

შეკითხვაზე, გაუშვა თუ არა სამსახურიდან თანამშრომლები, შავერდაშვილი პასუხობს, რომ მას არავინ გაუშვია. 

"უბრალოდ, გვაქვს ფინანსური პრობლემები, რომელთა გამკლავებასაც ვცდილობთ და როგორ გავუმკლავდებით ამ პრობლემას, ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული,"- თქვა შავერდაშვილმა. 

23 ივნისს ლიბერალის ჟურნალისტური გუნდი, მათ შორის მთავარი რედაქტორი, გამოცემიდან სრული შემადგენლობით წავიდა. წასვლის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში ჟურნალისტები მფლობელსა და მათ ხედვებს შორის არსებული განსხვავებების შესახებ წერდნენ და მიუთითებდნენ, რომ მათ არ სურდათ ლიბერალის მდგრადი განვითარების კითხვის ქვეშ დაყენება. 

ჟურნალისტების თქმით, სწორედ იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს, შორენა შავერდაშვილს გუნდის სახელით შესთავაზეს ლიბერალი გადაეცა ან მიეყიდა მათთვის, რაზეც უარი მიიღეს.

ლიბერალის გუნდის ამ განცხადებას Facebook-ზე შორენა შავერდაშვილი გამოეხმაურა და დაწერა, რომ აგრძელებს ახალი გუნდის ფორმირებას და მის მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები "ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან".

18 ოქტომბერს ლიბერალიდან წასულმა ჟურნალისტებმა ახალი გამოცემა პუბლიკა დააარსეს.

კომენტარები