თურქეთი - რუსეთი

თურქეთმა, შესაძლოა, F-35-ების რუსული ალტერნატივები შეიძინოს

0 კომენტარი
F-35 ფოტო: Washington Post

თურქეთმა, შესაძლოა ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ალტერნატიული რუსული თვითმფრინავები შეიძინოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში განაცხადა.

"თუ ჩვენ არ მივიღებთ F-35-ს, ჩვენ სხვა ალტერნატივები უნდა ვნახოთ. შეიძლება ეს იყოს რუსული ბაზარი, სხვა ბაზარი," - თქვა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. 

აგვისტოში, როდესაც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი რუსეთს ეწვია, ვლადიმერ პუტინმა მას ახალი რუსული საბრძოლო თვითმფრინავი Su-35 აჩვენა. ამავე დღეს რუსეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არიან თურქეთთან აწარმოონ აქტიური მოლაპარაკებები დამატებითი სამხედრო ტექნიკის მიყიდვაზე და ერთობლივ წარმოებაზე. ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთს თავდაცვის ბევრ სფეროში რუსეთთან თანამშრომლობის გაგრძელება სურს.

ერდოღანს ისიც აქვს ნათქვამი, რომ S-400-ები შესყიდვის შემდეგ რუსეთთან S-500 ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის ერთობლივად წარმოებაზეც იმუშავებენ. 

ოქტომბერში თურქულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარა მოსკოვისგან 36 Su-35-ის შეძენას აპირებდა.

გასულ თვეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეგვიპტე გააფრთხილა, რომ რუსული Su-35 საბრძოლო თვითმფრინავების შეძენის შემთხვევაში სანქციებს დააკისრებდა. ტრამპმა ჩინეთის სამხედრო ძალებს ათი Su-35 საბრძოლო თვითმფრინავის შესყიდვის გამო სანქციები დაუწესა.

F-35 აშშ-ის სამხედრო არსენალში არსებული ყველაზე განვითარებული საბრძოლო თვითმფრინავია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა რუსული S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის განთავსების გამო აგვისტოში თურქეთი ამერიკული F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების პროგრამიდან უკვე მოხსნა.

ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ S-400 სისტემისა და F-35 თვითმფრინავების ერთად განლაგება რუსეთს საშუალებას მისცემს ინფორმაცია მოიპოვოს თვითმფრინავების სისტემაზე და საფრთხეს შეუქმნის მას. შეთანხმებამ NATO-ს მოკავშირეებში შეშფოთება გამოიწვია ნაწილობრივ იმიტომ, რომ ამ იარაღის NATO-ს თავდაცვის სისტემაში ინტეგრაცია ვერ მოხდება.

რამდენიმე დღის წინ ამერიკელმა სენატორებმა ტრამპის ადმინისტრაციას მიმართეს, რომ თურქეთს რუსული S-400-ების შესყიდვის გამო სანქციები დაუწესონ. პრეზიდენტმა ლონდონში NATO-ს სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ის ამ საკითხს განიხილავდა.

რუსულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთი და თურქეთი S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის შესყიდვის ახალ კონტრაქტზე მუშაობენ

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები