საქართველოს პრეზიდენტი

თალაკვაძე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ერთ წელზე: იყო სირთულეები

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, რომ საქმიანობის ერთ წელიწადში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა აჩვენა, რომ "არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან".

ასე შეაფასა არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ინაუგურაციიდან ერთი წელი.

"საქმიანობის ამ პერიოდში საქართველოს პრეზიდენტმა აჩვენა, რომ ის არ არის ვალდებული რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან და როცა საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, მას აქვს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისგან განსხვავებული პოზიციები, განსხავებული მოსაზრებები. პოლიტიკურმა პარტიებმაც, მათ შორის ქართულმა ოცნებამ აჩვენა, რომ პრეზიდენტთან მიმართებაში მას აქვს თავისუფალი და ობიექტური პოზიციები", - აღნიშნა თალაკვაძემ.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ წლის განმავლობაში პრეზიდენტს ჰქონდა "ძალიან აქტიური" საერთაშორისო ვიზიტები, სადაც მსოფლიო ლიდერებს შეხვდა. თალაკვაძე საუბრობს იმაზეც, რომ სალომე ზურაბიშვილმა გადადგა ნაბიჯები კულტურის, ტურიზმის და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის, ასევე, ქველმოქმედების კუთხით.

"იყო სირთულეები ამ პერიოდში, ვინაიდან პირველად ხდება, როდესაც საქართველოს ჰყავს ქალი პრეზიდენტი და ქალი პრეზიდენტი, რომელიც არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არ არის. რეალურად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ სირთულეებს ჩვენი დემოკრატიული სისტემა მოერევა და ინსტიტუტები ნორმალურად გააგრძელებენ ფუნქციონირებას", - აღნიშნა თალაკვაძემ.

სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი 2018 წლის არჩევნების შედეგად გახდა. მას მხარს მმართველი პოლიტიკური პარტია, ქართული ოცნება უჭერდა.

ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ფიცი თელავში, ერეკლე მეორეს სასახლეში დადო.

ზურაბიშვილი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტია, ამასთან, კონსტიტუციის მიხედვით, ის არის პირდაპირი წესით არჩეული ბოლო პრეზიდენტი. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"სიყვარულის ფეიერვერკი, ცივილიზაციის უდიდესი მიღწევა" - ივანიშვილის აზრები ქართულ სუფრაზე

კომენტარები