ახლო აღმოსავლეთი

Reuters: ირანში მიმდინარე პროტესტების დროს 1500 ადამიანი დაიღუპა

გამოცემა Reuters-ის ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების დარბევის დროს 1 500 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არიან სამართალდამცავებიც. გამოცემის ინფორმაციით, აღნიშნული რიცხვი სხვადასხვა ათობით წყაროს გადამოწმების შემდეგ მიიღეს და შესაძლოა მონაცემები ზუსტი არ იყოს. 

უკვე თვეზე მეტია, რაც ირანის დიდი ქალაქები საპროტესტო დემონსტრაციებმა მოიცვა. არსებული ინფორმაციით, ამ მასშტაბების პროტესტი 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ არ ყოფილა. ირანის სამართალდამცავი უწყების ინფორმაციით, დემონსტრაციების დარბევის დროს 342 ადამიანი დაიღუპა. 

იმ შემთხვევაშიც თუ ირანის სახელმწიფო უწყებები სანდო რიცხვს ასახელებენ, დაღუპულთა რიცხვი რეკორდულია. გასულ წლებში მასობრივი დემონსტრაციების მსხვერპლი შეუდარებლად უფრო ნაკლები იყო. მაგალითად 2009 წლის პროტესტების დროს დაღუპულთა რიცხვმა დაახლოებით 70 შეადგიინა, ხოლო 1999 წელს აქციების დარბევას 20 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა. 

საპროტესტო აქციები მთელი ქვეყნის მასშტაბით ხელისუფლების მიერ საწვავის გაძვირებას მოყვა. 15 ნოემბერს მიღებული დადგენილებით საწვავზე ფასი ერთნახევარჯერ გაიზარდა. დიდი ალბათობით ეს არ ყოფილა პროტესტის ერთადერთი მიზეზი. 

ირანის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, მიმდინარე წელს ინფლაციამ ირანში 47%-ს აღემატება. ასევე, შეინიშნება პირველადი მოხმარების პროდუქტების მწვავე დეფიციტი. ირანში ეკონომიკური მდგომარეობას მას შემდეგ გაუარესდა, რაც დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით ეკონომიკური სანქციები ხელახლა ამოქმედდა. 

 

კომენტარები