გრიპის ვირუსი

პაატა იმნაძე: გრიპის გამო სწავლის გადადების აუცილებლობა არ არსებობს

მედია ცენტრი მთავარი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ გრიპის გამო სწავლის შეწყვეტისთვის არავითარი მაჩვენებელი არ არის.

ამის შესახებ იმნაძემ პრესკლუბ "მთავარში" ისაუბრა.

მან სხვა ქვეყნებში გრიპის ვირუსის გავრცელების მაგალითიც მოიყვანა და აღნიშნა, რომ ევროპაში ამის გამო სწავლა არ შეუწყვეტიათ.

"შეგიძლიათ დაგუგლოთ და ნახოთ, რომელიმე ქვეყანაში, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპის, თუ არის საუბარი სასწავლო პროცესის შეწყვეტაზე. იქ ეს პრაქტიკა საერთოდ არ არის მიღებული, ძირითადად ეს არის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრადიცია, რომ გრიპის მატების დროს სასწავლო პროცესი შეწყვიტონ. არავითარი მაჩვენებელი არ არის, რომ სასწავლო პროცესი შეწყდეს. გრიპი იწყება დეკემბერში და გრძელდება აპრილამდე. დეკემბრიდან აპრილამდე სწავლას თუ შევწყვეტთ, ისედაც პრობლემები გვაქვს ბავშვების განათლებაში და დაგვრჩება გაუნათლებლები. არავითარი რეალური, მეცნიერული საფუძველი არ არსებობს იმისა, რომ სწავლა შეწყდეს", - თქვა იმნაძემ.

მანვე დაადასტურა, რომ ამ სეზონზე გრიპის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რომ მართალია საქართველოში ამ ეტაპზე ძირითადად B ტიპის ვირუსია გავრცელებული, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პაციენტმა ექიმს არ უნდა მიმართოს.

ის არ გამორიცხავს, რომ თებერვალში გრიპი უფრო მეტად გავრცელდეს, თუმცა მისი თქმით, ეს არ ნიშნავს, რომ მატება აუცილებლად იქნება.

კომენტარები