კონგრესმენების წერილი გახარიას

ვოლსკი კონგრესმენის წერილზე: მიკერძოებულია და კომპანია "ფრონტერას" ინტერესს უკავშირდება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ამბობს, რომ აშშ-ის კონგრესის წევრის მარკუეინ მალინის წერილი, რომელიც მან საქართველოს მთავრობის მეთაურს მისწერა, მოკერძოებულია და კონკრეტული კომპანიის, "ფრონტერას", ინტერესებს უკავშირდება.

"კონგრესმენის განცხადება ახალი არ არის, 2017-შიც იყო ეს განცხადება, რეზოლუციაც მოამზადა, თუმცა არ განხილულა, რადგან უსაფუძვლოა და ერთ კონკრეტულ კომპანიას 'ფრონტერას' უკავშირდება. ის 1994 წლიდან ოპერირებს საქართველოში და ამბობს, რომ გაზის დიდი მარაგი არსებობს ჩვენს ქვეყანაში, თუმცა ჯერჯერობით ამის თაობაზე არავის არაფერი სმენია. 

ნავთობისა და გაზის კორპორაცია ალბათ უფრო ზუსტად იტყვის. სტოკჰოლმის არბიტრაჟში მიმდინარეობს კომერციული დავა და როგორც დამთავრდება, ეს იქნება გასათვალისწინებელი. ასე რომ, მე ვფიქრობ, განცხადება არის მიკერძოებული და კონკრეტული კომპანიის ინტერესს უკავშირდება,"- ამბობს ვოლსკი.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ "ნაციონალური მოძაობაც კი იტყვის, რომ ეს აბსოლუტურად მიკერძოებული თემაა".

ვოლსკი ამბობს, რომ "დამოუკიდებელი საქართველოს დაარსების დღიდან ქართულ-ამერიკული ურთიერთობა ასეთ მაღალ დონეზე არ ყოფილა".

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ეს წერილი საქართველოში მიმდინარე პროცესებით აშშ-ის შეშფოთების კიდევ ერთი დასტურია და ის გამოსაფხიზლებელი ზარი უნდა იყოს მთავრობისთვის. 

 

კომენტარები