დეკანოზ მამალაძის საქმე

მეუფე იოანე ჟურნალისტებს: პრეზიდენტს დეკანოზის შეწყალების თხოვნით თქვენ რატომ არ მიმართავთ?

0 კომენტარი

თქვენ რატომ არ მიმართავთ? - ასე უპასუხა ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანე გამრეკელმა ჟურნალისტს, რომელმაც მას ჰკითხა, მიმართავს თუ არა სინოდი პრეზიდენტს, დეკანოზ მამალაძის გათავისუფლების მოთხოვნით მეორედ.

მიტროპოლიტის თქმით, სინოდმა უკვე მიმართა ზურაბიშვილს მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით და ეს მიმართვა ძალაში რჩება. 

"რა უცნაური ხალხი ხართ. თქვენ რატომ არ მიმართავთ, მედია. აი თქვენ ხომ მეხუთე ძალაუფლება ხართ. მიმართეთ მერე. მე რომ მაწუხებთ ეგრე ისინი შეაწუხეთ... ჩვენ არ მოგვითხოვია მისი დაკავება, გასაგებია ხო? როცა დადგება ჟამი და მას [პრეზიდენტს] შეეძლება ჩვენი სიტყვის მიღება, ის შეასრულებს ალბათ. მე არ ვისურვებ არცერთის ყოფნას ციხეში"- ამბობს მიტროპოლიტი იოანე. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა საშობაოდ 5 მსჯავრდებული შეიწყალა, თუმცა, მათ შორის დეკანოზი გიორგი მამალაძე ვერ მოხვდა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მან ვერ მონახა არგუმენტი, "რატომ უნდა დაშვებულიყო გამონაკლისი დეკანოზ მამალაძეზე".

გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს წმიდა სინოდმა ნოემბერში მიმართა. აღსანიშნავია, რომ 4 იანვარს, სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოში იმყოფებოდა, სადაც ილია მეორეს იუბილე მიულოცა და სინოდის წევრებს შეხვდა. მსჯავრდებული დეკანოზის ძმის თქმით, ილია მეორემ პირად საუბრებში ზურაბიშვილს დეკანოზის შეწყალებაზე უარი უთხრა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე სასამართლომ პატრიარქის მდივან-რეფერანტი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების ბრალდებაში დამნაშავედ 2017 წლის 5 სექტემბერს ცნო. მას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები