კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

გახარია რუს დელეგატებზე: კანონს არ დავარღვევთ, გამოსავალს პარტნიორებთან ერთად ვიპოვით

ტვ.პირველი

"თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ" - ასე გამოეხმაურა პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ევროსაბჭოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს. გიორგი გახარია ამბობს, რომ კანონმდებლობას გვერდს ვერავინ აუვლის, თუმცა, რაკი რუსეთი ევროსაბჭოს წევრია, საქართველოს გარკვეული საერთაშორისო ვალდებულებები აქვს.

"მოდით, ასე შევთანხმდეთ, ერთმნიშვნელოვნად გეტყვით -  მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ყველა შემთხვევაში, ამ შემთხვევაშიც, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ვერავინ საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის. ეს ერთი.

მეორე - საქართველო გახლავთ ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა და ფაქტია, რომ სამწუხაროდ, რუსეთს ევროსაბჭოში აღუდგა წევრობა. ახლა დავბრუნდეთ უკან და ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ვერავინ, ვინც ეს არ უნდა განაცხადოს, საქართველოს კანონმდებლობას გვერდს ვერ აუვლის, მოვა ის დროც და ყველაფერი იქნება გაკეთებული საქართველოს კანონმდებლობის სრული შესაბამისობით" - თქვა გახარიამ.

კითხვაზე, თუ ეძებს მთავრობა შუალედურ ვარიანტს "საერთაშორისო ვალდებულებებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობისთვის", პრემიერმინისტრი პასუხობს - "მე არაფერს არ ვეძებ, ჩვენ ვიქცევით საქართველოს კანონნმდებლობის შესაბამისად, თუ საქართველოს კანონმდებლობა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენ ჩვენს საერთაშორისო ვალდებულებებს ვასრულებთ, თუ არ გვაძლევს, მაშინ ჩვენს პარტნიორებთან მივდივართ, ვუხსნით ამას და რაღაც სხვა გამოსავალს ვპოულობთ".

28 იანვარს ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლის შემდეგ, რუსი პოლიტიკოსის კითხვის პასუხად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო გვერდს აუვლის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონს და მინისტრთა კომიტეტის სესიაზე დასასწრებად საქართველოში რუს დელეგატებს შემოუშვებს.

პრეზიდენტის ნათქვამს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის მხრიდან. ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ამ განცხადებას "ქვეყნისთვის მორიგ ჯერზე მიყენებული ზიანი" უწოდა. დღეს, 29 იანვარს კი არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ პრეზიდენტის ნათქვამი "ძირს უთხრის კანონის უზენაესობასა და დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ პრინციპებს".

კომენტარები