ფიზიკურ ძალადობასა და სექსუალური ხასიათის ქმედებაში ბრალდებული ქართული ოცნების დეპუტატის საქმეზე სასამართლო განხილვები გრძელდება.
დღევანდელ სხდომას ესწრებოდა თავად ილია ჯიშკარიანიც.
პროცესზე მისი მაჟორიტარული ბიუროს ხელმძღვანელი, ნინო კვარაცხელია დაიკითხა. მან დაადასტურა, რომ ჯიშკარიანთან 2014 წლიდან მუშაობს, ხოლო 30 წელია მასთან აკავშირებს მეგობრული ურთიერთობა.
დაკითხვის დროს კვარაცხელიამ 2019 წლის 30 სექტემბერი გაიხსენა, როცა, დაზარალებული თამთა თოდაძის თქმით, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და სექსუალური ძალადობა სცადა.
მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელის თქმით, დილით შეუძლოდ იყო და სამსახურში არ იმყოფებოდა, თუმცა მივიდა მას შემდეგ, რაც ილია ჯიშკარიანმა დაურეკა და მისვლა სთხოვა.
ის ჰყვება, რომ ადგილზე ჯიშკარიანთან ერთად მისი ცოლი, ასევე, ბიუროს სხვა თანამშრომლები დახვდნენ. ნინო კვარაცხელიას თქმით, თამთა თოდაძის კომპიუტერი და პრინტერი იატაკზე დახვდა, რომლებიც დაზიანებული იყო. ის აღნიშნავს, რომ ბიუროს თანამშრომლებმა ტექნიკა აალაგეს და თავის ადგილზე დააბრუნეს.
ნინო კვარაცხელიას ინფორმაციით, როცა ილია ჯიშკარიანის ზარის შემდეგ სამსახურში მივიდა, დეპუტატი იყო აღელვებული და ამბობდა, რომ "როგორ ვერ ამოიცნო ადამიანი, რომელსაც შეეძლო ასეთი რაღაცის გაკეთება". მისი თქმით, ჯიშკარიანი ასევე მოუყვა, რომ მას შემდეგ, რაც ოფისიდან სხვები გავიდნენ და თამთა თოდაძესთან მარტო დარჩა, ქალმა კვლავ სამსახურზე დაუწყო ლაპარაკი "უხეში გამონათქვამებით, რომ როგორ არ დაეხმარა დასაქმებაში".
პროკურორების კითხვაზე, რა უთხრა ჯიშკარიანმა, რატომ წავიდა თამთა ოფისიდან, ნინო კვარაცხელიამ უპასუხა:
"სიტყვიერი შეურაცხყოფისა და ნივთების გადმოყრის შემდეგ გაიქცაო".
მაჟორიტარის ბიუროს ხელმძღვანელმა გაიმეორა ილია ჯიშკარიანის დაცვის მხარის ვერსია იმასთან დაკავშირებით, რომ თამთა თოდაძეს მაღალანაზღაურებადი სამსახური სურდა და ილია ჯიშკარიანთან ამ თემაზე კონფლიქტიც ჰქონია. გარდა ამისა, მან რამდენჯერმე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თოდაძეს ალკოჰოლი უყვარს და არის კონფლიქტური. მანვე, მიუთითა დაზარალებული თოდაძის "ჯანმრთელობის მდგომარეობაზე".
პროკურორების კითხვებზე პასუხად მან აღნიშნა, რომ 30 სექტემბერს თამთა თოდაძის შრომითი ხელშეკრულება უკვე გადაგზავნილი იყო საკრებულოში და მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის ხელმოწერა სჭირდებოდა. მისივე ინფორმაციით, სწორედ სამსახურებრივი კონფლიქტების გამო, ჯიშკარიანი თოდაძესთან ხელშეკრულების გაგრძელებას არ აპირებდა, მაგრამ მან, როგორც ბიუროს ხელმძღვანელმა, სთხოვა და სხვების ხელშეკრულებების გადაგზავნიდან ერთი დღის შემდეგ, თოდაძის ხელშეკრულებაც გადაიგზავნა. ამასთან, მან დაადასტურა, რომ 30 სექტემბერს თამთა თოდაძემ იცოდა, რომ ხელშეკრულებას უგრძელებენ.
გარდა ამისა, პროკურორებმა მოწმეს ჰკითხეს, რატომ არ დარეკა პოლიციაში, როცა ბიუროს ტექნიკა დაზიანებული დახვდა. ნინო კვარაცხელიას თქმით, გაითვალისწინეს თამთა თოდაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე, ჰქონდათ მოლოდინი, რომ ის ბოდიშს მოიხდიდა და ზარალს აანაზღაურებდა, ამაში დაეხმარებოდნენ თანამშრომლებიც. ბიუროს ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ შემთხვევიდან მეორე დღეს ჯიშკარიანთან ერთად საკრებულოს თავმჯდომარეს პირადად შეხვდა და ტექნიკის დაზიანების შესახებ საქმის კურსში ჩააყენა.
ნინო კვარაცხელიამ დაადასტურა, რომ ილია ჯიშკარიანი სამსახურში ალკოჰოლს მოიხმარს, თუმცა აღნიშნა, რომ "კონიაკი სისხლძარღვებს აფართოებს". მისივე თქმით, დეპუტატს ოფისში აქვს სასმელი, რომელიც აჩუქეს და რომლითაც განსაკუთრებულ სტუმრებს უმასპინძლდება.
ილია ჯიშკარიანის ადვოკატების კითხვები მოწმის მიმართ ძირითადად, ახლომდებარე შენობებსა თუ ოფისებს ეხებოდა, საიდანაც, შესაძლებელი იქნებოდა შემთხვევის დანახვა თუ მოსმენა. ისინი ნინო კვარაცხელიას ეკითხებოდნენ, ისმის თუ არა ოფისში მეზობლების ხმა, იყო თუ არა ფანჯარა ღია 30 სექტემბერს და რამდენად კარგად ჩანს ოთახი ქუჩიდან, არის თუ არა სათვალთვალო კამერები შენობაში და რამდენად ახლოსაა ოფისთან იმავე ქუჩაზე მდებარე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოფისი.
გარდა ამისა, დაცვის მხარემ მოწმეს ჰკითხა თამთა თოდაძის აფექტურობის, ასევე, მისი ამბიციების შესახებ. ნინო კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ის ხშირად ახსენებდა თავის უმაღლეს განათლებას და მიიჩნევდა, რომ ნაკლები კვალიფიკაციის მქონე თანამშრომელზე მაღალი ხელფასი უნდა ჰქონოდა.
პროკურორის მიერ მოწმის დაკითხვის პროცესში დასმული დამაზუსტებელი კითხვის დროს მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა დააფიქსირა, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ პირდაპირი დაკითხვის უფლება აქვს და არა ჯვარედინის, რაც პროკურორმა გააპროტესტა. ამის შემდეგ მოსამართლემ განმარტა, რომ ბრალდების მხარეს მხოლოდ მიუთითა და შეკითხვა არ მოუხსნია. აღსანიშნავია, რომ კითხვებთან დაკავშირებით პრეტენზიები ჯიშკარიანის ადვოკატმა მხოლოდ ამის შემდეგ გამოთქვა.
მოსამართლემ ამით, შესაძლოა, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი დაარღვია, რადგან მოწმის დაკითხვის ფორმა თავად მხარეს უნდა გაეპროტესტებინა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია გამონაკლის შემთხვევაში მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას დამაზუსტებელი კითხვა, თუ ეს აუცილებელია სამართლიანი სასამართლოს უზრუნველსაყოფად.
პროცესის დასრულების შემდეგომ გაკეთებულ განცხადებაში დაზარალებული თამთა თოდაძის ადვოკატმა ბიუროს ხელმძღვანელის ჩვენების არასანდოობაზე მიუთითა, რადგან ის ილია ჯიშკარიანის ახლობელია და ასევე, მის გამართლებაზეა დამოკიდებული, შეუნარჩუნდება თუ არა სამსახური.
"ბიუროს ხელმძღვანელმა თავადვე აღნიშნა, რომ 30-წლიანი მეგობრობა აქვს ილია ჯიშკარიანთან და მის ოჯახთან. ასევე, მისი სამსახურის ბედი არის დამოკიდებული ილია ჯიშკარიანის გამართლებაზე, რადგან იმ შემთხვევაში, თუ გამამტყუნებელი განაჩენი დადგება, მაჟორიტარს უფლებამოსილება უწყდება და შესაბამისად, ბიუროც გააჩერებს მუშაობას. შესაბამისად, მის მიერ მიცემული ჩვენება არ არის სანდო ჩემთვის და არც საზოგადოებისთვის არ უნდა იყოს სანდო და ვფიქრობ, რომ სასამართლოც გაითვალისწინებს ამ გარემოებას", - თქვა თამარ ლუკავამ.
ილია ჯიშკარიანის ადვოკატი მიიჩნევს, რომ დღეს გამოკითხულმა მოწმემ დაადასტურა ის გარემოებები, რომლებზეც დაცვის მხარე აპელირებს. მარიამ კუბლაშვილმა კვლავ ისაუბრა თამთა თოდაძის ხასიათზე, "მის კონფლიქტურობაზე".
"დღევანდელი მოწმე არაჩვეულებრივად იცნობს თამთა თოდაძეს, რომელიც ბრალდების მხარის მოწმეა სხვათაშორის. მან თქვა, რომ ამ ადამიანს ახასიათებდა კონფლიქტურობა, მსგავსი ქმედებები, უმიზეზო ტირილი, ყვირილი, შეურაცხყოფები თანამშრომლებთან, აფექტურობა და თანაც ერთხელ არა, თავად არის მოწმე, რომ უამრავ ადამიანს აყენებდა შეურაცხყოფებს და ყვიროდა უმიზეზოდ", - თქვა კუბლაშვილმა.
ის ასევე გამოეხმაურა ბაია პატარაიას, რომელმაც თქვა, რომ მარიამ კუბლაშვილის შეურაცხმყოფელი განცხადებების შედეგად თამთა თოდაძეს ფსიქოლოგიური ზიანი მიადგა და ეს სპეციალისტებმაც დაადასტურეს. ადვოკატის თქმით, დაზარალებული საკრებულოში დადის, სხვადასხვა სახის ინფორმაციის გამოთხოვითაა დაკავებული და "არაფერი ეტყობა მსგავსი ავადობის".
საკრებულოს დეპუტატის მიერ თანამშრომელ ქალზე ფიზიკური ძალადობისა და სექსუალური ძალადობის საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 თებერვალს, 16:00 საათზე გაგრძელდება. პროცესზე მაჟორიტარის ბიუროს კიდევ ერთი თანამშრომელი დაიკითხება. ილია ჯიშკარიანის ადვოკატის თქმით, ამის შემდეგ დაცვის მხარე თანამშრომლებთან მიახლოების აკრძალვის მოხსნის შუამდგომლობას დააყენებს, რათა ბიურომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს.
------
ილია ჯიშკარიანი თანაშემწე თამთა თოდაძემ სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში საჯაროდ 4 ოქტომბერს დაადანაშაულა. ინციდენტი 30 სექტემბერს მოხდა და თოდაძემ სამართალდამცველებს იმ დღესვე მიმართა.
11 ოქტომბერს ჯიშკარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ეს პროკურატურის მოთხოვნა იყო. ჯიშკარიანს ასევე აეკრძალა თოდაძესთან მიახლოება და სპეციალური ნებართვის გარეშე საქმეში არსებულ მოწმეებთან კონტაქტი.
დაცვის მხარის მოთხოვნით, განხილვა სასამართლოს ნაცვლად კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში ჩატარდა. მას შემდეგ, რაც თოდაძემ შესაძლო ძალადობაზე საჯაროდ, ტელევიზიის საშუალებით ისაუბრა, ჯიშკარიანმა მედიასთან თქვა, რომ ის კლინიკაში მკურნალობს. საავადმყოფო ილია ჯიშკარიანმა 13 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევარში დატოვა.
პროკურატურის მიერ დაყენებულ აღკვეთის ღონისძიების სახეს დაზარალებულის მხარე არ იზიარებდა. ადვოკატები მიიჩნევდნენ, რომ ჯიშკარიანს, როგორც გავლენიან პოლიტიკოსს, რომელსაც თბილისის მერი და ქართული ოცნების სხვა მაღალჩინოსნები მფარველობენ, მას შეუძლია, საქმის სრულყოფილ გამოძიებას ხელი შეუშალოს. ამასთან, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მას უკვე ჰქონდა მოწმეებზე ზემოქმედების მცდელობა, ეს, შესაძლოა, ისევ განმეორდეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ჯიშკარიანის საქმის არსებითი განხილვა უკვე დაწყებულია. მომდევნო სხდომა 30 იანვარს, 13:00 საათზე გაიმართება.