გამოხატვის თავისუფლება

GDI-ის ანგარიში: 2019 წელს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა გაუარესდა

GDI

ძალის გადამეტება 20 ივნისის, 18 ნოემბრის და სხვა საპროტესტო აქციებზე, კარვების დაშლა და ადმინისტრაციული დაკავებები 30-31 დეკემბერს, რუსთავი 2-ის, შემდგომში მთავარი არხის, ფორმულას და ტვ პირველის მფლობელების და დირექტორების დაბარება საგამოძიებო უწყებებში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმე, ღირსების მარში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება იმ საქმეების ნაწილია, რომლებიც GDI-ის 2019 წლის გამოხატვის თავისუფლების ანგარიშში მოხვდა, როგორც პრობლემური საქმეები, რომლებთან დაკავშირებითაც ხელისუფლების ქმედებებმა საქართველოში გამოხატვის თავისუფლების მდგომარეობა გააუარესა.

ორგანიზაცია ამ მოვლენების ანალიზის საფუძველზე ასკვნის, რომ ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოს უგულებელყოფით ზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას.

კერძოდ, GDI-ის განცხადებით:

ხშირ შემთხვევაში სამართალდამცავი ორგანოები შერჩევითი სამართლიანობის პრინციპით რეაგირებენ მანიფესტანტთა ქმედებებზე. სამართალდამცავები განსაკუთრებით მკაცრი მიდგომით ხელისუფლების მიმართ კრიტიკული აზრის გამომხატველი მანიფესტაციის მიმართ გამოირჩევიან.

მსგავსი მიდგომა ცხადყოფს, რომ სამართალდამცავთა ქცევა არა სამართალდარღვევაზე რეაგირებას, არამედ გამოხატვის შინაარსის შეზღუდვის მიზანს ემსახურება.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მშვენიერაძის შეფასებით, ტენდენცია აჩვენებს, რომ "ხელისუფლების ყველა შტო ერთობლივად ცდილობს მაქსიმალურად შეამციროს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები და მოთოკოს მისდამი კრიტიკული აზრის არსებობა საკანონმდებლო ჩარჩოს გამკაცრებით, ადმინისტრაციული პრაქტიკისა თუ სასამართლოს გადაწყვეტილებების გზით, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხის გაუარესებასთან.

გამოხატვის თავისუფლება თავის თავში გულისხმობს იმასაც, რომ თუ ვინმე არღვევს კანონს, სახელმწიფოს აქვს უფლება, გამოიყენოს პროპორციული ძალა და საკუთარი ძალა არ მიმართოს იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი კონსტიტუციური უფლებით მშვიდობიანი სახით და მათ არ უნდა მიაყენოს დაზიანება. 20 ივნისს ამას ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ის, რომ ხელისუფლებას ჰქონდა ლეგიტიმური უფლება, გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა, ვერასდროს გაამართლებს ძალის გადამეტებას. ძალის გადამეტება არის არაპროპორციულად ჩარევა გამოხატვის თავისუფლებაში", - ამბობს მშვენიერაძე.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ფადი ასლის და ზვიად კუპრავას საქმეები, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ცხადყოფს, რომ მნიშვნელოვნად პრობლემურია გამოხატვის თავისუფლებასა და სასამართლო ავტორიტეტის უზრუნველყოფას შორის ბალანსის დაცვის საკითხიც.

"ხშირ შემთხვევაში პირის მიერ შეფასებით კატეგორიაში გაცხადებული აზრი სასამართლოს მიერ კვალიფიცირდება, როგორც ცილისწამება ხოლო საჯარო დისკუსიის ფარგლებში სასამართლო ხელისუფლების შესახებ პოზიციის დაფიქსირება, სასამართლო ავტორიტეტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად და გამოიყენება სისხლისსამართლებრივი მექანიზმები"

შემაშფოთებელია მმართველ წრეებში გამოვლენილი ტენდენცია რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის აღკვეთის მოტივით გამოხატვის თავისუფლების მზღუდავი რეგულირებების დაწესებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ გამოხატვის თავისუფლების რეგულირება უნდა განხორციელდეს თვალსაზრისობრივი ნეიტრალობის პრინციპის დაცვით, როგორც ადმინისტრაციული ორგანოების, ასევე სასამართლო ხელისუფლების მხრიდან შეინიშნება ეთიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევა და პირის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებაში გაბატონებული ღირებულებითი სისტემების თუ შეხედულებების დაცვის მოტივით. ხელისუფლების მცდელობა ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნებით შეამციროს და დამატებით სამართლებრივ ჩარჩოებში მოაქციოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები, რეალურად უნდა განიხილებოდეს, როგორც სწორედ უმრავლესობის მიმართ კრიტიკული აზრის შეზღუდვის ბერკეტების განმტკიცების მცდელობა", - წერია GDI-ის ანგარიშში.

კომენტარები