ე.წ გერმანული მოდელი

კობახიძე: ოდირის დასკვნით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე ოპოზიციის მიერ შემუშავებული ე.წ გერმანული მოდელის შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნაზე საუბრობს. 

კობახიძის თქმით, ოპოზიციამ ოდირში "დამახინჯებული გერმანული მოდელი" გაგზავნა "ავღანური ელემენტებით". 

"ოპოზიციამ ოდირისგან მიიღო დასკვნა, რომ კანონპროექტის კონსტიტუციურობის დადგენა არ არის ოდირის პრეროგატივა. ანუ არის ძალიან მარტივი პასუხი, რომელიც გამოიგზავნა ოდირის მხრიდან, ოდირი ვერ შეაფასებს კანონპროექტის კონსტიტუციურობას, რომელიც ჩანს ამ დოკუმენტში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ოპოზიციის არაკომპეტენტურობა,"- ამბობს კობახიძე. 

კობახიძის თქმით, "რაც მალე დათანხმდება ოპოზიცია" მათ მიერ შეთავაზებულ 100/50-ის პრინციპს, "მით უკეთესი". 

სინამდვილეში, ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შემუშავებული საქართველოს კონსტიტუციასთან ადაპტირებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი".

ეს სწორედ ისაა, რასაც ოპოზიცია ამბობდა, რომ ე.წ გერმანული მოდელის მისაღებად საჭიროა არა საკონსტიტუციო შესწორება, არამედ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა. 

საარჩევნო რეფორმაზე ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით დეკემბერში გაუგზავნა.

საქართველოში ყველა ავტორიტეტული არასამთავრობო ორგანიზაცია და ყველა ავტორიტეტული კონსტიტუციონალისტი, მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლეები, ამბობენ, რომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი კანონპროექტი კონსტიტუციას სრულად შეესაბამება. 

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

ე.წ გერმანული მოდელი ოპოზიციამ ხელისუფლებას ჩიხიდან გამოსასვლელად მას შემდეგ შესთავაზა, რაც ქართულმა ოცნებამ გავრილოვის ღამის შემდეგ დადებული პირობა არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო წესით ჩატარებას გულისხმობდა. 

კომენტარები