არჩევნები 2020

ჯაშის ფრაქცია 100/50-ის მოდელს მხარს დაუჭერს, თუ 2024-ის არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდება

ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატები"

ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატებისგან შემდგარი ფრაქცია მზად არის, მმართველი გუნდის მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ საარჩევნო მოდელს, 100/50-ით 2020 წლის არჩევნების ჩატარებას მხარი დაუჭიროს. ექვსკაციანი ფრაქცია ამის შესახებ განცხადებას ავრცელებს და პირობებსაც აყენებს. მარიამ ჯაშის, ლევან კობერიძის, ზვიად კვაჭანტირაძის, ლევან გოგიჩაიშვილის, გედევან ფოფხაძის და კობა ნარჩემაშვილის "კომპრომისული წინადადება" ოთხ პუნქტს ეფუძნება:

  • 2024 წლიდან აუცილებლად შენარჩუნდეს პროპორციული საარჩევნო სისტემა და სრულიად გამოირიცხოს კონსტიტუციაში არსებული მუხლის ცვლილება 2024 წლიდან პროპორციული საარჩევნო სისტემის შესახებ.
  • თუ 2020-სა და 2024 წლებს შორის დადგება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების აუცილებლობა, არჩევნები ჩატარდეს იმავე პრინციპით, რაც ამოქმედდება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
  • არჩევნების შედეგების მაღალი ლეგიტიმაციისათვის ფართო პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით გაიმართოს მსჯელობა და შეთანხმების საფუძველზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა გახდეს სავალდებულო არჩევნების დღეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქისათვის.

"ამ სამი პირობის გათვალისწინებით, ჩვენ მზად ვართ ხელი შევუწყოთ ფართო კონსენსუსის მიღწევას და მხარი დავუჭიროთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას 100 პროპორციული/50 მაჟორიტარული მოდელით" - აცხადებს ფრაქცია და აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრის ჩაგდებაზე და მიმდინარე დიალოგის პროცესის ჩიხში შესვლაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ქართულ ოცნებას ეკისრება.

"აშკარად იკვეთება, რომ მმართველი გუნდი მზად არის, ყველაფერი გააკეთოს ხელისუფლების უვადოდ შესანარჩუნებლად, ხოლო წინა ხელისუფლება ნებისმიერ ფასად - ძალაუფლების დასაბრუნებლად. კამათი ძირითადად მიმდინარეობს მანდატების რაოდენობაზე, რაც „პოლიტიკურ ვაჭრობას“ ემსგავსება და არა ხალხისა და ქვეყნის მთავარ ინტერესებზე. აღნიშნული ვითარება საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას და დემოკრატიის განმტკიცების პერსპექტივებს საქართველოში" - ნათქვამია განცხადებაში.

-------------------------

თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები, დასავლელი პარტნიორების ინიციატივითა და მონაწილეობით, კრიზისის ფონზე დაიწყო, რაც, თავის მხრივ, პროპორციულ სისტემაზე დაპირებული კანონის ჩაგდებას მოჰყვა. ამ დრომდე მოლაპარაკების ოთხი რაუნდი გაიმართა.

ქართულმა ოცნებამ დაიწუნა ოპოზიციის შეთავაზებული ე.წ გერმანული მოდელი და მრავალმანდატიანი ოლქები, სანაცვლოდ, შესთავაზა - მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 50-მდე შემცირდეს, ანუ პარლამენტში 100 დეპუტატი პროპორციული წესით, 50 კი მაჟორიტარულით აირჩიონ.

მმართველ გუნდს ამ მოდელის დანერგვა სურს როგორც 2020 წლის, ისე ყველა მომდევნო არჩევნებზეც. ქართული ოცნების შეთავაზება ოპოზიციისთვის მიუღებელია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით კი, საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს დაიხურება.

ოპოზიციამ კი, შესაძლოა, მმართველ გუნდს 135/15-ზე, 130/20-ზე ან 125/25-ზე შესთავაზოს მანდატების განაწილება. ევროპული საქართველოს წევრის, ოთარ კახიძის თქმით, მსგავსი კონფიგურაციები აქტიურად განიხილება.

კომენტარები