გიგი უგულავას საქმე

კაპანაძე: გვაქვს მაგალითები რეგიონში, როცა ივანიშვილის მსგავს ქცევას სანქციები მოჰყვა

პირველი არხი

სერგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ აშშ-მა ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესოს.

ევროპული საქართველოს წევრი ამბობს, რომ გიგი უგულავასთვის დამატებით 3-წლიანი პატიმრობის მისჯა ამის საფუძველს იძლევა.

"ჩვენ გვაქვს რამდენიმე მაგალითი ამ რეგიონში, როდესაც ისეთი ქცევა, რომელიც გუშინ ივანიშვილმა ჩაიდინა, შემდეგ ისჯება პერსონალური და სხვა ტიპის სანქციებით. ასეთი მაგალითები გვაქვს არა მხოლოდ მოლდოვაში, პლახოტნიუკის, ყოფილი ოლიგარქის შემთხვევა, რომელიც გაიქცა, ასევე, ასეთი შემთხვევები გვაქვს რუმინეთში, პარტიის ყოფილი ლიდერის და პრემიერმინისტრის შემთხვევაში, ასევე ბულგარეთში, ყოფილი მოსამართლის შემთხვევაში. საქართველოში ივანიშვილმა ეს მაგალითი გააერთიანა ერთ შემთხვევაში და არ არის გამორიცხული, მისთვისაც ზუსტად იგივე შედეგები დადგეს", - თქვა კაპანაძემ.

ოპოზიციონერი დეპუტატი კონგრესმენ ადამ კინზინგერის და სენატორ ჯეიმს რიშის იმ განცხადებებს გამოეხმაურა, რომლებითაც მათ ბიძინა ივანიშვილი გააკრიტიკეს და თქვეს, რომ პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ სასამართლოს გამოყენება დემოკრატია არ არის.

"ეს არის ძალიან ცუდი საქართველოსთვის, როგორც ქვეყნისთვის და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ცუდი პირადად ივანიშვილისთვის. როგორც ჩანს, ივანიშვილმა გადაწყვიტა, რომ მისთვის აღარ აქვს მნიშვნელობა პარტნიორების შეფასებებს, როგორც ჩანს, გადაწყვიტა, რომ აირჩია ვექტორი, რომელიც აღარ გადის დასავლეთზე. როგორც ჩანს, მას არ აღელვებს შეფასებები, რომლებიც მოდის სენატორებისგან და კონგრესმენებისგან.

ამიტომ, რეაქციაც ამაზე იქნება ადეკვატური, როგორც ქვეყნის შიგნით ოპოზიციისგან და ჩვენს ამოცანად დარჩება, რომ გავანადგუროთ ამ არჩევნებში არსებული მოდელით ხელისუფლება, ისე საგარეო ასპარეზზე იქნება ნეგატიური შედეგები პირადად ივანიშვილისთვის და სამწუხაროდ, ქვეყნისთვის", - თქვა კაპანაძემ.

უზენაესმა სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე დამატებით 3-წლიანი პატიმრობა 10 თებერვალს მიუსაჯა საქმეზე, რომელზეც სასჯელი მან ერთხელ უკვე მოიხადა - პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება. გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში 1 თვის წინ უვადოდ დანიშნულმა მოსამართლეებმა, შალვა თადუმაძემ, ლალი ფაფიაშვილმა და მერაბ გაბინაშვილმა მიიღეს.

6 თებერვალს ბექა ბასილაიამ მოსამართლე შალვა თადუმაძის აცილების შუამდგომლობა დააყენა, რადგან უგულავას წინააღმდეგ სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის მიმდინარეობისას და ასევე საკასაციო საჩივრის მომზადების დროს მოსამართლე თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობას იკავებდა. თუმცა, თადუმაძე საქმეს არ ჩამოშორდა.

2019 წლის 28 ნოემბერს იმედის ეთერში ბიძინა ივანიშვილმა ოპოზციის წევრებზე თქვა, რომ "ზოგი წლობით იხდის სასჯელს და კიდევ ბევრს მოუწევს მოხდა". ქართული ოცნების ლიდერის ეს მუქარა ამერიკელი სენატორების და კონგრესმენების წერილებში შეშფოთებით აღინიშნა, როგორც ოპონენტების პოლიტიკური დევნა.

გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

კომენტარები