ჩინეთი

ჩინელი ჟურნალისტი, რომელიც ვუხანის მოვლენებს აშუქებდა და მთავრობას აკრიტიკებდა, გაუჩინარდა

HKFP

ჩინელი სამოქალაქო ჟურნალისტი და ადვოკატი, ჩენ ციუში, რომელიც ვუხანში კორონავირუსის შესახებ მიმდინარე ამაბებს აშუქებდა და მთავრობას ხშირად აკრიტიკებდა, გაუჩინარდა და მას უკვე ერთი კვირაა ოჯახი და მეგობრები ეძებენ.

ჩენის მეგობრები და ოჯახი შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ ის იძულებით მოათავსა კარანტინში.

ჩენმა ჩინეთის ქალაქ ვუხანში, ახალი კორონავირუსის ეპიცენტრიდან, 24 იანვრიდან მიმდინარე მოვლენების გაშუქება დაიწყო. ქალაქის ჩაკეტვამდე ის ვუხანისკენ მიმავალი ბოლო მატარებლით ჩავიდა.  

ჩენ ციუში ვუხანის გადატვირთულ საავადმყოფოებს აშუქებდა და ამბობდა, რომ ვუხანში ვირუსისგან თავდასაცავი ტანისამოსის, სათვალეების, ხელების სადეზინფექციო საშუალებების, ვირუსის დიაგნოსტიკის ტესტების ნაკლებობა იყო. მისივე თქმით, ამ მხრივ ვუხანის გარშემო არსებული ქალაქები უფრო ნაკლებად მომზადებულები იყვნენ.

ჩენი ასევე ხშირად აკრიტიკებდა ჩინეთის მაღალჩინოსნებს, არაეფექტურობისთვის და თავისუფალი სიტყვის აკრძალვისთვის.

მან ბოლოს ინფორმაცია 6 თებერვალს გაავრცელა. ოჯახისა და მეგობრების თქმით, მას შემდეგ ის არავის უნახავს.

ჩენის მეგობარმა სუ სიაოტონგმა თქვა, რომ ჩენი იძულებით წაიყვანეს კარანტინში. საფრთხის გამო ის დამატებით ინფორმაციას არ ამჟღავნებს. მისთვის კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება საკითხი, სავარაუდო კარანტინის ორკვირიანი პერიოდის შემდეგ გაათავისუფლებენ თუ არა მას.

ჩენის გაუჩინარების მიუხედავად მისი Twitter, სადაც მას 260 000 გამომწერი ჰყავს, კვლავ აქტიურია. ადამიანი, რომელიც მის გვერდს მართავს ირწმუნება, რომ ჩენის მეგობარია და მისი თქმით, ჩენს სურდა იმ შემთხვევაში თუ 12 საათით დაიკარგებოდა, მას პაროლი შეეცვალა. მისმა მეგობარმა NBC-სთან ანონიმურად დარჩენა არჩია. "თუ მე დამაკავეს, შესაძლოა მაიძულონ, რომ Youtube-დან და Twitter-დან ჩემი ყველა ვიდეო წავშალო," - როგორც ჩენის მეგობარი ამბობს, ეს ჩენმა მის გაუჩინარებამდე დაწერა. ჩენის გვერდიდან ასევე მისმა დედამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩინელებსა და კერძოდ ვუხანელებს ჩენის მოძებნაში დახმარებას სთხოვს.

ჩენის გაუჩინარებას ამერიკელი სენატორი მარკო რუბიო გამოეხმაურა. მისი პრესსამსახური ჩინეთის მთავრობას მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაამჟღავნოს ინფორმაცია მის ადგილსამყოფელზე - "ჟურნალისტების გაჩუმებით, პეკინს ფაქტებით სიმართლის ძიების ნაცვლად ურჩევნია ჯანმრთელობის კრიზისი დამალოს".

აშშ-ის კონგრესის ჩინეთის კომისია ჩინეთს დაჟინებით მოუწოდებს მისი ადგილმდებაროება გაამჟღავნოს. კონგრესმენებმა აღნიშნეს, რომ გლობალურ ჯანმრთელობის კრიზისთან მიმართებით მთავარი გამჭვირვალობაა და არა ცენზურა და რეპრესია.

მის გაუჩინარებას Human Rights Watch გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჩენის ოჯახმა და მეგობრებმა მაღალჩინოსნებს მიმართეს, რათა ჩენს პირადად დალაპარაკებოდნენ - "ისინი არ პასუხობენ. მას ვერავინ უკავშირდება".

ნიუ-იორკში არსებული ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტში თქვეს, რომ ჩინელ მაღალჩინოსნებმა ჩენის ადგილსამყოფელი უნდა გაამჟღავნონ და მედია უზრუნველყონ, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის გაშუქება შეძლონ.

ჩინეთის სახელმწიფო მედიაში მისი გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. 

აღსანიშნავია, რომ ჩენი ასევე საჯაროდ აკრიტიკებდა ჩინეთის მთავრობას ადამიანის უფლებების დარღვევისა და მედია შევიწროების გამო. გასულ წელს ის ჰონგ-კონგის პროდემოკრატიულ აქციებს ჩინელი მოქალაქეებისთვის, ჩინურ სოციალურ ქსელში ვეიპოში და ვიდეოების ვებგვერდზე ტოუინზე ავრცელებდა. ვეიპოზე მას 1 მლნ გამომწერი ჰყავდა. აქციების გაშუქების შემდეგ მისი ანგარიში დაბლოკეს.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს ჩინელი ექიმი ლი ვენლიანგი, რომელსაც მაღალჩინოსნებმა ახალი კორონავირუსის საფრთხის შესახებ გაჩუმება მოსთხოვეს, ახალი კორონავირუსით დაავადდა და გარდაიცვალა. იანვრის დასაწყისში ის აიძულეს, რომ ხელი მოეწერა წერილზე, სადაც მას "სოციალური წესრიგის არევაში" ადანაშაულებდნენ და სასჯელით ემუქრებოდნენ. მის სიკვდილს ჩინეთის სოციალურ ქსელში მთავრობის მიმართ ბრაზი მოჰყვა.

ჩინეთის ჰუბეის პროვინციაში 12 თებერვალს ახალი კორონავირუსით დაავადების შედეგად 242 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა სიკვდილიანობაში გასული წლის დეკემბერში ვირუსის გავრცელების და იდენტიფიცირების შემდეგ. ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 1,367-ს მიაღწია.

კომენტარები