ევროპარლამენტი

მდინარაძე ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ "ოცნების" დეკლარაციის ჩაგდებაზე: ენმ-ის საბოტაჟია

ქართული ოცნება

ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის მიერ ქართული ოცნების მიერ მომზადებული დეკლარაციის ჩაგდებას მმართველი გუნდი ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საბოტაჟად და ქვეყნის ღალატად აფასებს. მამუკა მდინარაძის შეფასებით, ფაქტი, რომ ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტმა დოკუმენტი არ მიიღო, ქვეყანას "ბევრს ვერაფერს" დააკლებს.

"ის, რომ თითქოს საქართველოში ვინმე პოლიტიკური ნიშნითაა დაკავებული, ეს ცვლილება ჩავარდა და სწორედ ამის გამო, ნაცმოძრაობამ, რომელსაც შეეძლო მხარდაჭერა გამოეცხადებინა ამ დოკუმენტის მიმართ, ჩააგდო თავისი პარტნიორი კოლეგების მეშვეობით ეს ცვლილება. ეს ქვეყანას ბევრს ვერაფერს დააკლებს, საბედნიეროდ" - ამბობს მდინარაძე.

ქართული ოცნების ერთერთი ლიდერის შეფასებით, "საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟს" საქართველოს მოსახლეობა შეაფასებს.  

"მათ უნდა ესმოდეთ, რომ ასეთი დოკუმენტების ჩავარდნა აზიანებს არა ქართულ ოცნებას, არამედ ქვეყანას, ისინი იბრძვიან ქვეყნის წინააღმდეგ და ოღონდ ქართული ოცნება დააზიანონ, ამისთვის ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა არის ბოროტება და ქვეყნის ღალატი. ეს იქნებ გაითავისონ და სხვა დროს შეეცადონ, რომ ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებები არ განახორციელონ, მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული ოცნება დააზიანონ. ამით არც ქართული ოცნება ზიანდება საბოლოო ჯამში და არც ქვეყანა საბედნიეროდ, მაგრამ ისინი ასე იქცევიან" - თქვა მდინარაძემ.

ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომა რამდენიმე საათის წინ დასრულდა. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა დეკლარაციას, რომლის ტექსტიც ქართული ოცნების მიერ იყო მომზადებული.

ევროპული საქართველოს წევრი, ოთარ კახიძე, რომელიც ევროპარლამენტში საქართველოს დელეგაციის წევრია, ყვება, რომ ტექსტი, რომელიც ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ ქართული ოცნების მხარემ შეიმუშავა, სრულად იქნა უარყოფილი, რადგან მასში საერთოდ არ იყო ნახსენები საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, საუბარი იყო პროგრესზე დემოკრატიის თვალსაზრისით და აღნიშნული იყო, რომ ამ მიმართულებით მხოლოდ უმნიშვნელო გამოწვევებია.

კახიძის თქმით, მან და სალომე სამადაშვილმა, რომელიც ასევე დელეგაციის წევრია, ტექსტის შინაარსი გააპროტესტეს და მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ ტექსტში ცვლილებები წარმოადგინეს, რაც პოლიტიკურ დევნას, 20 ივნისის ამბებს, პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას და სასამართლოში მიმდინარე მძიმე პროცესებს ეხებოდა. სწორედ ამ ცვლილებების დეკლარაციაში შეტანას დაუჭირა მხარი ევრიპარლამენტარების უმრავლესობამ.

ტექსტს ორმხრივი კენჭისყრით იღებენ - მას ჯერ ევროპარლამენტარების უმრავლესობა განიხილავს და უყრის კენჭს, შემდეგ - საქართველოს პარლამენტარების უმრავლესობა. ცვლილების მიღებისთვის ორივე მათგანის მხარდაჭერაა საჭირო.

ქართულმა ოცნებამ ოპოზიციის შესწორებები ჩააგდო, თუმცა, ევროპარლამენტარების უმრავლესობამ თითოეულ მათგანს მხარი დაუჭირა, ოპოზიციის შესწორებების საპასუხოდ "ოცნების" მიერ მომზადებულ ცვლილებებს კი, კომიტეტმა უარით უპასუხა. ამის შემდეგ ევროპარლამენტარების მიერ მომზადებული შესწორებების განხილვა დაიწყო.

"ევროპარლამენტარები ამ კომიტეტში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფებიდან იყვნენ წარმოდგენილები, როგორც კონსერვატორები, ისე EPP, მწვანეები და სხვები. საბოლოო ტექსტზე ევროპარლამენტმა მმართველ გუნდს უარი უთხრა.

ეს არის უპრეცედენტო ამბავი, ჩვენი გამარჯვება და ქართული ოცნების სრული კრახი. ეს მოხდა პირველად", - თქვა კახიძემ.

დეკლარაციის მიღება ევროპარლამენტის ასოცირების კომიტეტის სხდომების დასრულების შემდეგ, წელიწადში ორჯერ ხდება. ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტი  საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს განიხილავს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით.

კომენტარები