რუსული კიბერთავდასხმა

გახარია რუსულ კიბერთავდასხმაზე: მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას

მთავრობის PR

საქართველოს პრემიერის თქმით, "საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ოქტომბერში განხორციელებული კიბერთავდასხმა მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას".

გიორგი გახარია Twitter-ზე გამოეხმაურა გასული წლის ოქტომბერში მომხდარ კიბერშეტევას, რომელზე პასუხისმგებლობაც, 20 თებერვალს, საქართველოს, ბრიტანეთის და აშშ-ის ოფიციალურმა უწყებებმა რუსეთს დააკისრეს.

"გასული წლის ოქტომბერში საქართველოს სახელმწიფომ, მედიამ და ბიზნესსუბიექტებმა სრულიად უგუნური კიბერთავდასხმა განიცადეს. ეს შეუწყნარებელი აქტი მიზნად ისახავდა ჩვენი სუვერენიტეტისადმი ძირის გამოთხრას. დიდად ვაფასებთ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჩვენი პარტნიორებისა და მოკავშირეების ძლიერ მხარდაჭერას, - წერს გახარია.

 

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერთიანებული სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

 

კომენტარები