რუსული კიბერთავდასხმა

ლიტვა რუსეთს: დაჟინებით მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობები

0 კომენტარი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების განყოფილებამ Twitter-ზე განცხადება გაავრცელა, სადაც რუსეთის მიერ საქართველოზე განხორციელებულ კიბერთავდასხმას გამოეხმაურა და რუსეთს მავნე კიბერთავდასხმების შეჩერებისკენ მოუწოდა:

"ვიხსენებთ 2019 წლის ოქტომბრის დამანგრეველ კიბერშეტევას საქართველოს მედიისა და სამთავრობო ვებ-გვერების წინააღმდეგ - ლიტვა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობისადმი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთს დაჟინებით მოუწოდებს, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მავნე კიბერაქტივობები".

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებული სამეფომ და დანიის სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ისანში ინდოეთის მოქალაქის მკვლელობის ბრალდებით მისი მეზობელი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები