რუსული კიბერთავდასხმა

პოლონეთი: რუსეთის მავნებლური კიბერაქტივობები უნდა გამოაშკარავდეს და მკაცრად დაიგმოს

საქართველოს, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს და ევროკავშირის ქვეყნების განცხადებებს, რომლებიც საქართველოზე კიბერშეტევაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებს, პოლონეთიც უერთდება.

"ვიზიარებთ ჩვენი მოკავშირეების და საერთაშორისო პარტნიორების პოზიციას, რომ რუსეთის ფედერაციის უპასუხისმგებლო და მავნებლური კიბერაქტივობები, რომლებიც ძირს უთხრის საერთაშორისო სტაბილურობას და სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, უნდა გამოაშკარავდეს და მკაცრად დაიგმოს," - ნათქვამია ქვეყნის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ პოლონეთი მყარად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ევრო-ატლანტიკურ სწრაფვებს.

----------

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული. 

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და გაერთიანებული სამეფომ.

გაერთიანებულმა სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ მათ, საქართველომ და საერთაშორისო პარტნიორებმა გამოაშკარავეს, რომ “გრუ” - რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახური - პასუხისმგებელია საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ რამდენიმე მნიშვნელოვან კიბერშეტევაზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ამბობს, რომ შეერთებული შტატები გმობს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევას.

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას".

 

კომენტარები