კორონავირუსი

ინფექციურის დირექტორი: რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერადი კოვზებით ზიარებას

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ერთჯერადი კოვზებით ზიარებას რეკომენდაციას გაუწევდა.

მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რამდენად სარისკოა ზიარება საერთო კოვზით, რადგან საპატრიარქოს განცხადების მიხედვით, ამ წესის შეცვლა არ იგეგმება.

"მე ვერ ჩავერევი რელიგიის კომპეტენციაში, მაგრამ რა თქმა უნდა, რეკომენდაციას გავუწევდი ერთჯერად კოვზებს", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

იგივე საკითხზე საუბრისას, დააავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ უწყება რელიგიურ რიტუალებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს არ გასცემს, თუმცა იძლევა ზოგადი ჰიგიენური წესების დაცვის შესახებ რეკომენდაციებს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ გუშინ, 29 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს. ეკლესია ამბობს, რომ კოვზით ზიარების ათასწლოვანი პრაქტიკის განმავლობაში სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა "ასეთ პერიოდებში მართლმადიდებელი მორწმუნენი არათუ უშინდებოდნენ საერთო ბარძიმიდან საერთო კოვზით ზიარებას, პირიქით, კიდევ უფრო ხშირად მიეახლებოდნენ ამ სიწმინდეს".

ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა კი აღნიშნა, რომ "ღვინო, რითიც ვეზიარებით, არის ანტისეპტიკი" და მრევლს მოუწოდა დილა-საღამოს სახლში ნაკურთხი წყალი ასხურონ და კორონავირუსი არ მიეკარებათ.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები