კორონავირუსი

კორონავირუსთან დაკავშირებით, მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

თბილისის მერია

თბილსერვის ჯგუფმა კორონავირუსთან დაკავშირებით, პროფილაქტიკის მიზნით, მიწისქვეშა გადასასვლელებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაატარა.

ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.

უწყებაში ამბობენ, რომ სამუშაოები, კომპანიის მოვლა-პატრონობაში არსებულ 54 მიწისქვეშა გადასასვლელში, ანტისეპტიკური ხსნარებით შესრულდა.

თბილსერვის ჯგუფში ასევე აღნიშნავენ, რომ საჭიროებისამებრ, მიწისქვეშა გადასასვლელების დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც მოხდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით, სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება მუნიციპალური ტრანსპორტიც. ასევე, დეზინფიცირება უტარდება თბილისის საჯარო ბაგა-ბაღებს.

ამჟამინდელი ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით დაავადების სამი შემთხვევა დადასტურდა. ორი ადამიანი ირანში იმყოფებოდა და ცნობილია, რომ ერთმანეთთან კონტაქტი ჰქონდათ, ხოლო მესამე - 31 წლის ქალია, რომელიც იტალიაში ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა.

ამ დროისთვის კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი მსოფლიოში 86 ათასს აღემატება, გარდაიცვალა 2,900-ზე მეტი ადამიანი. დაავადებულთა უმრავლესობა, 79000-ზე მეტი, კონტინენტური ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ, კორონავირუსის შემთხვევები კიდევ 53 ქვეყანაში დადასტურდა. საუბარია დაახლოებით 6000 შემთხვევაზე, საიდანაც 86 ლეტალურად დასრულდა. ჩინეთის გარეთ ყველაზე მეტი ინფიცირებული სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანსა და იაპონიაშია. აქედან ყველაზე მეტი ადამიანი ირანში გარდაიცვალა. დაავადებულთაგან 42 576 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა.

კომენტარები