აშშ-საქართველო

ბოკერია კინზინგერის ინტერვიუზე: ივანიშვილს ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობრების ჯგუფის თანათავმჯდომარის, ადამ კინზინგერის, ახალ ინტერვიუს ეხმაურება, სადაც რესპუბლიკელი კონგრესმენი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აშშ ვერ იხილავს პროგრესს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, "ბევრისთვის მოულოდნელი იქნება", რასაც გააკეთებენ. 

ბოკერია ამბობს, რომ ზოგადად, პარტნიორებს შორის ასეთი რეაქცია გამოიწვია იმან, თუ როგორ მოიქცნენ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და "მისი პოლიტიკური მასხარები". 

"პრაგმატულად ყველა ჩვენს მეგობარს აქვს ინტერესი, რომ მის სიტყვას ჰქონდეს ფასი და ეს ადამიანები, ეს უტიფარი ლიდერი და მისი გარემოცვა, საკუთარი ამ ბრიყვული გათვლის გამო, რომ ასე შეინარჩუნებენ ძალაუფლებას, შარში გვხვევენ ჩვენს საუკეთესო მეგობრებთან. ეს ყველაფერი საქართველოსთვის ზიანის მიმყენებელი ვითარებაა, რომელშიც ქვეყანა ივანიშვილმა შეიყვანა,"- ამბობს ბოკერია. 

კითხვაზე, რა შეიძლება გულისხმობდეს კინზინგერი "ბევრისთვის მოულოდნელ" გადაწყვეტილებაში, ბოკერია პასუხობს, რომ ის კონგრესმენების ნაცვლად ვერ იტყვის, რა იქნება ეს "სიურპრიზი", რადგან არ იცის.

"კარგი იქნება, თუ ივანიშვილი გააცნობიერებს იმას, რა გზაზე დადგა უკვე თვეებია. თუ ამას გააცნობიერებს, მათ შორის ამ გზავნილების შედეგად, ჯერ კიდევ აქვს პატარა დრო გონზე მოსასვლელად,"- ამბობს გიგა ბოკერია. 

კონგრესმენმა კინზინგერმა საქართველოში არსებული ვითარების შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ისაუბრა. გარდა იმისა, რომ მისი თქმით, მოულოდნელი იქნება ის, რასაც აშშ მოიმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებით პროგრესს ვერ დაინახავს, კინზინგერი ამბობს, რომ "თუ ვინმე კონგრესის როლს სათანადოდ არაფერს, ცდება". ამასთან რესპუბლიკელმა კონგრესმენმა აღნიშნა, რომ კონგრესი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია ერთ აზრზე არიან და საქართველოსთან მიმართებით ადმინისტრაციის მხრიდან "უფრო მეტ ნაბიჯს ვიხილავთ".

კომენტარები