იმნაძე: ვაქცინის იმედი 1 წელი მაინც არ უნდა გვქონდეს, უფრო რეალურია ანტივირუსული პრეპარატი

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძეს თქმით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნას მინიმუმ ერთი წელი ან წელიწადნახევარი დასჭირდება. მისივე თქმით, უფრო რეალურია, იქამდე გამოჩნდეს ანტივირუსული პრეპარატი. 

"რეალურად, ვაქცინა, რომელიც იქნება შესაძლებელი, რომ იყოს ბაზარზე და შეისყიდონ ქვეყნებმა, ამის იმედი არ უნდა გვქონდეს მომავალი წლის ზაფხულამდე, მინიმუმ. უფრო რეალისტურია, რომ ამ დაავადების სამკურნალოდ გამოჩნდეს ანტივირუსული, სპეციფიკური პრეპარატი. მოგეხსენებათ, 80% უპრობლემოდ გადაიტანს ამ დაავადებას, თუმცა, არავინ იცის ვინ იქნება ის, ვისთანაც მძიმედ განვითარდება ვირუსი. ამათთვის იქნება სწორედ საჭირო ეს პრეპარატები. საბედნიეროდ, არის წინაპირობა, რომ ზაფხულისთვის შესაძლებელია უკვე ამ პრეპარატებზე იყოს ასე ვთქვათ, კლინიკური კვლევები ჩატარებული, ამიტომ, მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ ზაფხულისთვის პრეპარატი იქნება." - თქვა იმნაძემ ტვ პირველის ეთერში საუბრისას.

მანვე აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყნის შიგნით ვირუსის გადაცემა დროში მაქსიმალურად გაიწელოს. 

"ყველაფერი გაკეთდება იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია. ჩვენი ძირითადი ამოცანა დღეს არის, მაქსიმალურად გავწელოთ დროში ქვეყანაში ვირუსის შიგნით გადაცემა. ეს გაუჭირდა ჩვენზე მდიდარ და მძლავრ ქვეყნებს, თუმცა ჯერჯერობით ვახერხებთ."

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 15 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 14 თბილისის, ხოლო 1 - საჩხერის სამედიცინო ცენტრში მკურნალობს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

15-დან ორი ინფიცირებული ირანიდან არის ჩამოსული. 12- იტალიიდან ან მათთან კონტაქტში მყოფი. ერთი კი, საქართველოში მადრიდიდან ჩამოფრინდა, თუმცა, მას კონტაქტი ჰქონდა იტალიელებთან, შესაბამისად, ინფექციურ საავადმყოფოში ამ ეტაპზე არ იციან, ეს ესპანეთის შემთხვევად უნდა ჩაითვალოს თუ იტალიის. 

კომენტარები