უზენაესი სასამართლო

ჯანეზაშვილი: უზენაესის თავმჯდომარეობის კანდიდატად ხელისუფლებისთვის სანდო პირს წარადგენენ

კომერსანტი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ კონსულტაციები, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გეგმავს, კანონით მხოლოდ პირველი და მეორე ინსტანციის მოსამართლეებთან მიმართებაში არის გაწერილი.

საქმე ეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების გადაწყვეტილებას, დღეს, 15:00 საათზე უზენაეს სასამართლოში მოსამართლეებთან კონსულტაციები გაიაროს, 16:00 საათიდან კი თავმჯდომარის კანდიდატურაზე იმსჯელოს.

"ჩვენი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს იმ კონსულტაციების ფორმას, რომელიც დღეს გაიმართება უზენაეს სასამართლოში მოქმედ მოსამართლეებთან. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის დეკემბრის შემდგომ, როგორც კი მას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ შეერჩია და წარედგინა კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტში, ეს არ გააკეთა და მან ამდენი ხნის განმავლობაში თავმჯდომარის კანდიდატურა არ შესთავაზა საქართველოს პარლამენტს. როგორც ჩანს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის არჩევასთან დაკავშირებით საბჭო და ე.წ. კლანმა გადაწყვიტეს, რომ დალოდებოდნენ უზენაესი სასამართლოს ახალი მოსასმართლეებით დაკომპლექტებას", - თქვა ნაზი ჯანეზაშვილმა.

მისივე თქმით, ნებისმიერი რამ, რასაც საბჭო აკეთებს, ფორმალურია და სინამდვილეში "კლანს" უკვე გადაწყვეტილი აქვს, ვის კანდიდატურას შესთავაზებს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე.

"როგორც ჩანს, იუსტიციის საბჭო არჩევანს გააკეთებს იმ ახალ მოსამართლეებზე, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში აირჩია და რომლებიც კანონდარღვევით არიან არჩეულები. არც ერთ მათგანს, რომლებიც პარლამენტმა დეკემბერში აირჩია, არ აქვს ლეგიტიმაცია და უფლება, მოსამართლეები იყვნენ უზენაეს სასამართლოში ან რომელიმე მათგანმა უხელმძღვანელოს სასამართლო სისტემას და სამართლიანობის სახე იყოს. დამერწმუნეთ, რომ გადაწყვეტილება, რომელიც დღეს, საბჭომ 16:00 საათზე უნდა მიიღოს, სადღაც კულუარებში უკვე მიღებულია, სადღაც "კლანში", თუ იმ არაფორმალურ პირებში, რომლებიც სისტემას მართავენ", - თქვა მან.

ჯანეზაშვილი ვარაუდობს, რომ კანდიდატებად გიორგი მიქაუტაძე, შალვა თადუმაძე ან სხვა ისეთ პირს წარადგენენ, ვისაც ხელისუფლება ენდობა.

"თუ დაასახელებენ შალვა თადუმაძის კანდიდატურას, ეს ალბათ, ეს გიორგი მიქაუტაძისთვის და სხვებისთვის არ იქნება ძალიან კომფორტული", - ამბობს ის.

უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა 2018 წლის 2 აგვისტოდან ვაკანტურია - წინა თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე 3-წლიანი თავმჯდომარეობის შემდეგ, სწორედ ამ დღეს გადადგა. პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს კანდიდატურა არ წარუდგინა. 2018 წლის 16 დეკემბრიდან კი, მას შემდეგ, რაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ფიცი დადო, ძალაში კონსტიტუციის ახალი რედაქცია შევიდა, რომლის მიხედვითაც, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის წარდგენის უფლებამოსილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა.

კომენტარები