კორონავირუსი

NCDC: კორონავირუსზე უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს 14-დღიანი თვითიზოლაციისგან

WLFI

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, "თვითზოლაციაში ყოფნის დროს ტესტირების გაკეთება ნებისმიერ ლაბორატორიაში და უარყოფითი შედეგი არ ათავისუფლებს ადამიანს თვითიზოლაციისგან". როგორც ცენტრის წარმომადგენელმა ბრიფინგზე აღნიშნა, ნებისმიერი ადამიანი, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა კორონავირუსით ინფიცირებულთან დადასტურებულ შემთხვევასთან ან იმოგზაურა მაღალი რისკის ქვეყანაში, 14 დღის განმავლობაში უნდა დარჩეს იზოლაციაში.

"მიუხედავად იმისა, უარყოფითია თუ არა ლაბორატორიული შედეგი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ბევრ მათგანს ჰგონია, რომ ლაბორატორიული ტესტირების ჩატარება გაათავისუფლებს მას პასუხისმგებლობისგან, იყვნენ თვითიზოლაციაში. ეს ასე არ არის" - განმარტეს NCDC-ში.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა არ არის პანაცეა. მან აღნიშნა, რომ ასე, განსაკუთრებით, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფებს ჰგონიათ.

"ძალიან კარგად დავიმახსოვროთ - სანამ ადამიანი ავად არ გახდება, ანალიზი არის უარყოფითი. ანუ ინკუბაციის პერიოდის მაქსიმუმი არის 14 დღე, შეიძლება, ყოველ დღე რომ ისინჯოს, პირველიდან მეცამეტე დღემდე იყოს უარყოფითი და მეთოთხმეტე დღეს გახდეს დადებითი.

ამიტომ, ლაბორატორიულ გამოკვლევას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ სიმპტომები დაეწყება ადამიანს, ეს მინდა, რომ ყველამ კარგად დაიმახსოვროს.

თუ 14 დღის მანძილზე არც ერთი დღე არ ექნება სიმპტომი, იმას არც ანალიზი არ სჭირდება, ის ჯანმრთელია. [საქართველოში კორონავირუსი ვისაც დაუდგინდა] უსიმპტომო არც ერთი არ ყოფილა" - თქვა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსით 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები