კორონავირუსი საქართველოში

კასრაძე: გუდაურში ნამყოფ ტურისტებს კორონავირუსი საკუთარ ქვეყნებში დაუდასტურდათ

ანა კასრაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკებზე მზადყოფნისა და რეაგირების სამმართველოს უფროსი ანა კასრაძე გუდაურში მდებარე ერთერთი რესტორნის, "მთვრალი ალუბლის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლებმაც დღეს დაწერეს, რომ რამდენიმე ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც მათ რესტორანში იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. 

კასრაძის განცხადებით, ჩეხეთის მოქალაქეს, რომელიც გუდაურში 4-9 მარტს იმყოფებოდა, ახალი კორონავირუსი ჩეხეთში დაუდასტურდა. კასრაძისვე ინფორმაციით, ჩეხეთის მოქალაქე 6-კაციან ტურისტულ ჯგუფთან ერთად მოგზაურობდა, რომელთაგან ერთ სლოვაკეთის მოქალაქეს ახალი კორონავირუსი ასევე საკუთარ ქვეყანაში დაუდასტურდა. 

"დადასტურების შემდეგ მათ შეგვატყობინეს ამის შესახებ, (რაც მათი მხრიდან შეგნებული საქციელია) რის შემდეგაც დაიწყო იმ ადგილების მოძიება სადაც ტურისტები იმყოფებოდნენ და ჰქონდათ კონტაქტები. გამომდინარე აქედან, ზოგიერთ დაწესებულებას მიეცა თვითიზოლაციაზე რეკომენდაცია. ინფიცირებული ტურისტები ჩვენ არ გაგვიბრუნებია უკან. საქართველოში მათ არ დადასტურებიათ COVID-19, რადგან მათ სიმპტომების შესახებ არ განუცხადებიათ არავისთვის,"- წერს კასრაძე. 

რესტორნის "მთვრალი ალუბალი" წარმომადგენლებმა 16 მარტს Facebook-ზე განცხადება გაავრცელეს, სადაც წერენ, რომ მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 4 მარტს გუდაურში ჩასული 6 ტურისტიდან სამს კორონავირუსი დაუდგინდა. 

"მთვრალი ალუბალი" აღნიშნავს, რომ დაწესებულება დაიხურა და თანამშრომლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"რესტორანი დაკეტილია, ჩვენი ორი თანამშრომელი მაღალი სიცხით ელოდება კატასტროფის ბრიგადას. ვინც ამ დღეებში იყავით მთვრალ ალუბალში, გთხოვთ, იზრუნოთ თქვენი და თქვენი გარშემომყოფების ჯამრთელობაზე, გთხოვთ, რომ მიმართოთ კონსულტაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას" - წერს რესტორანი.

საქართველოში ამ დროისთვის ახალი კორონავირუსი 33 ადამიანს აქვს დადასტურებული. მათგან ერთი, პირველი ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. 

კომენტარები