კორონავირუსი საქართველოში

გახარია საარჩევნო სისტემაზე: კონსტიტუციურ პროცესს საგანგებო მდგომარეობით ზიანი არ მიადგება

ტაბულა

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას თქმით, საკონსტიტუციო პროცესს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების 120/30-ის სისტემაზე გადასვლას გულისხმობს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით ზიანი არ მიადგება. 

"ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და არცერთ შემთხვევაში საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება. ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ, ვგულისხმობ საარჩევნო კოდექსში,"- თქვა გახარიამ ბრიფინგზე. 

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ბრძანება უკვე გასცა. საგანგებო მდგომარეობა ძალაში ბრძანების გამოცემისთანავე შედის. 

საქართველოს კონსტიტუციის 77-ე მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, "საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში კონსტიტუციური კანონის პროექტის განხილვა შეჩერდება ამ მდგომარეობის გაუქმებამდე". 

8 მარტს დიპლომატიური კორპუსის ორგანიზებით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საკონსტიტუციო ცვლილებას და საარჩევნო სისტემის პროპორციულთან მაქსიმალურად დაახლოებას ითვალისწინებს, მანდატების 120/30-ზე თანაფარდობით. 

კომენტარები