საგანგებო მდგომარეობა

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას პარლამენტში მხარს ნაციონალური მოძრაობაც დაუჭერს

ევროპული საქართველოს მსგავსად, ნაციონალური მოძრაობა ერთჯერადად დაარღვევს პოლიტიკურ ბოიკოტს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ხმის მისაცემად პარლამენტში მივა. ამის შესახებ ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა ტვ. პირველის ეთერში განაცხადა. სამადაშვილის თქმით, ის უკვე პარლამენტშია და სხდომის დაწყებას ელოდება.

თუმცა, მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობით ქვეყანაში თავისუფლება არ უნდა შეიზღუდოს, "განსაკუთრებით სიტყვის და ინფორმაციის". 

ევროპული საქართველო პარლამენტში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას მხარს დაუჭერს, თუკი დოკუმენტში საგანგებო მდგომარეობის არსებობის კონკრეტული, გონივრული ვადა იქნება გაწეირლი. გიგა ბოკერიას თქმით, ვინაიდან ევროპული საქართველო საპარლამენტო გუნდს წარმოადგენს, ის აუცილებლად მისცემს მთავრობას ამ ინსტრუმენტს, თუმცა ვადის მკაფიოდ გაწერა დოკუმენტში მისი პოლიტიკური გუნდისთვის "საკვანძო" საკითხია. 

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერმინისტრის თანახელმოწერით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ბრძანება უკვე გამოსცა. საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 აპრილამდე იქნება ძალაში. 

პრემიერმინისტრი თანახელმოწერით პრეზიდენტის ბრძანების გამოცემიდან საგანგებო მდგომარეობა ძალაში ავტომატურად შედის და 48 საათის განმავლობაში მოქმედებს, რომლის დროსაც ის გასაგრძელებლად პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. პარლამენტი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების მხარდასაჭერად დღესვე შეიკრიბება. 

იმ ჩამონათვალის მიხედვით, რომელიც პრემიერმინისტრმა გახარიამ მედიას გააცნო, საგანგებო მდგომარეობა ამ შემთხვევაში არ ითვალისწინებს არც კომენდანტის საათის დაწესებას და არც გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას. 

საგანგებო მდგომარეობა, სხვა ზომებთან ერთად, მოიცავს 10 ადამიანზე მეტის შეკრების თავისუფლების შეზღუდვას.

შეზღუდვების ჩამონათვალი სრულად შეგიძლიათ ნახოთ აქ. 

კომენტარები